Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილმა განმარტა, როგორ რეაგირებენ სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით


ფოტო არქივიდან: სოხუმის აეროპორტი, 2009 წელი
ფოტო არქივიდან: სოხუმის აეროპორტი, 2009 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO) „სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე“. ამის თაობაზე ილია დარჩიაშვილმა განაცხადა პარლამენტში, დეპუტატების ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით გაგზავნილი შეკითხვების პასუხად.

დეპუტატებს აინტერესებდათ, რა პოზიცია აქვს და რა ღონისძიებებს მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის რუსეთისათვის შესაძლო გადაცემაზეც მიმდინარეობს საუბარი.

კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის (ICAO-ს) ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს. ICAO, რომელიც გაეროს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის, ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს.

გასულ წელს სოხუმში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент-ი". ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.

ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG