Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კოლონიაში მე-12-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო საკანში


ნავალნის საკნის ასლი, რომელიც პარიზში დადგეს მისმა მომხრებმა. 16 მარტი, 2023 წელი
ნავალნის საკნის ასლი, რომელიც პარიზში დადგეს მისმა მომხრებმა. 16 მარტი, 2023 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, მე-12-ჯერ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში.

ამის შესახებ მისი ტელეგრამის არხი იტყობინება. ნავალნი 15 დღით იმისთვის მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, რომ "არასწორად წარადგინა თავი". ბოლოს ის იზოლატორში იანვარში გადაიყვანეს: მაშინაც "არასწორად წარუდგინა თავი" კოლონიის თანამშრომელს.

იქამდე იზოლატორში გადაყვანის მიზეზები, სხვათა შორის, იყო შეხსნილი ღილი და ღობის გაწმენდაზე უარის თქმა.

სადამსჯელო საკანი განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა როგორც სამი მეტრი ორ მეტრზე ზომის საკანს, სადაც მას რკინის სკამზე უწევს ჯდომა.

ახლანდელ პოსტში მან დაწერა, რომ სადამსჯელო იზოლატორში არის მადუღარა და ერთი წიგნი - ჩვეულებრივ საკანთან შედარებით, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი".

2022 წლის ივნისში ნავალნი პოკროვის საერთო რეჟიმის კოლონიიდან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს მელეხოვში. მის სისხლისსამართლებრივ დევნას ნავალნი და მისი მომხრეები პოლიტიკურად მიიჩნევენ.

2023 წლის მარტში პოლიტიკოსის მომხრეებმა სადამსჯელო იზოლატორის ასლი პარიზში, ლუვრთან, განათავსეს. იქამდე ის ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან იყო განთავსებული. 2022 წლის აგვისტოდან ნავალნიმ ასეთ კამერაში ას დღეზე მეტი გაატარა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. 2023 წლის მარტში კანადელი რეჟისორის, დენიელ როერის მიერ გადაღებულმა ფილმმა "ნავალნი", "ოსკარი" მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

XS
SM
MD
LG