Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: „გადაწყვეტილების მიმღები არიან საქართველოს მოქალაქეები...“


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპული პერსპექტივის დასაცავად მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვიდნენ.

„პრეზიდენტის ინტერვიუ არ მინახავს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე დავინახე ამ ქვეყანაში, არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ ეს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დავინახეთ, როდესაც საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქე ქუჩაში საკუთარი გადაწყვეტილებისა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანის მშვიდობიანად გამოსახატად გამოვიდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს. მოსახლეობა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებში გამოვიდა მშვიდობიანად იმის სათქმელად, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არაფორმალური მმართველობის პირობებში? - ამ კითხვის პასუხად კელი დეგნანმა თქვა, რომ სტატუსი დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა.

„კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, განაცხორციელებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს არ არის ახალი რეფორმები, ეს არის ის, რაზეც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად კარგ პროგრესსაც მიაღწია. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი. ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განსახორციელებელი პროექტია, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის განსახორციელებელია, ყველა არჩეული ლიდერის, ვინც უნდა გაერთიანდეს და ინკლუზიურად იმუშაოს და შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმგვარად, რომ ამან ნამდვილად გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაინახონ, არის თუ არა საქართველო ერთგული დემოკრატიის მიმართ, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, რომ ასევე ერთგულია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის, რისი დანახვაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათ მოუსმენს, მოუსმენს საკუთარ ხალხს და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

24 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს ბევრი კითხვა ისმება, მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი.

„ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG