Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თავდაცვის მინისტრის გადაყენებას


ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა საპროტესტო აქცია თელ-ავივის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან. 2023 წლის 27 მარტი
ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა საპროტესტო აქცია თელ-ავივის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან. 2023 წლის 27 მარტი

ისრაელში საპროტესტო აქციები მოჰყვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან იოავ გალანტის გათავისუფლებას. წუხელ, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა ათეულობით ათასი ადამიანი.

თელ-ავივში დემონსტრანტებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით შეძლეს უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

ისრაელში უკვე სამი თვეა მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.

ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG