ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ მოაწყო ბირთვული აფეთქების იმიტაცია „ხმელეთი - ხმელეთის“ ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ამის შესახებ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება.
ცნობით, გაშვება მოხდა ფხენიანის მიდამოებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. პირობითი სამიზნე მდებარეობდა ზღვაში. აფეთქების იმიტაცია მოხდა 500 მეტრის სიმაღლეზე.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. მათ იფრინეს 350 კილომეტრი, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე იყო 50 კილომეტრი. ჩრდილოეთმა კორეამ წელს უკვე ათი გაშვება მოაწყო, მათგან რვა - ბალისტიკური რაკეტებით.
2022 წელს ჩრდილოეთმა კორეამ განახორციელა 37 გაშვება და სულ გამოიყენა სხვადასხვა სიშორის დაახლოებით, 70 რაკეტა. ამ მანევრების დროს ფხენიანის რაკეტების მიმართავდა იაპონიის და სამხრეთი კორეის მიმართულებით.
ჩრდილოეთი კორეის პროგრამა ბალისტიკური რაკეტების განვითარების და ბირთვული იარაღის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აკრძალულია. ფხენიანი აცხადებს, რომ იარაღის განვითარება საჭიროა ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების „მტრული პოლიტიკის“ გასაწონასწორებლად. იანვრის დასაწყისში აშშ-ის და სამხრეთი კორეის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, მეტად გაშალონ ერთობლივი სამხედრო სწავლების პროგრამა. მხარეები გეგმავენ გააფართოონ რეგიონში აშშ-ის ავიაგამანადგურებლების - F-22-ისა და F-35-ის, ასევე ბირთვული ძრავის მქონე ავიამზიდების ყოფნა.