Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, მასთან შევიდეს სახალხო დამცველის კონსილიუმი


მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედი", ჩართვა სასამართლოს სხდომაზე, პირველი თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედი", ჩართვა სასამართლოს სხდომაზე, პირველი თებერვალი, 2023 წელი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ითხოვს, მასთან შევიდეს სახალხო დამცველი კონსილიუმის ჯგუფი. ამის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდზე.

"ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა... უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ პოსტს წინ უსწრებდა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადება. მისი თქმით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ექიმთა ჯგუფის სააკაშვილის გამოსაკვლევად მისვლა.

"კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ", - წერია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 28 მარტს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უკვე 58 კილოა. "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე პირველ არხთან საუბრის დროს აცხადებს, რომ "სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის":

"დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG