Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ რუსეთის იერიშებისგან დაზარალებული სუმის რეგიონის ორი ქალაქი მოინახულა


ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქი ახტირკაში. 28 მარტი, 2023 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქი ახტირკაში. 28 მარტი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, განაგრძობს მოგზაურობას რუსეთის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში. 28 მარტს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ეწვია სუმის რეგიონის ქალაქებს, ახტირკას და ტროსტიანეცს.

ახტირკაში ზელენსკიმ პატივი მიაგო ქალაქისთვის და მთელი უკრაინისთვის დაცემულ გმირებს მან გაიხსენა საბავშვო ბაღის დაბომბვა 2022 წლის თებერვალში და აღნიშნა, რომ ახტირკამ "მტრის სასტიკი დაბომბვის" შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადა.

"ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობას. ჩვენ აღვადგენთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც განადგურდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ახტირკიდან უკრაინის მეთაური გაემგზავრა ქალაქ ტროსტიანეცში, სადაც გაეცნო რკინიგზის სადგურის რესტავრაციის პროექტებს და ქალაქის აღდგენით სამუშაოებს. ასევე ტროსტიანეცში მან ჯილდოები გადასცა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ერთი წლის წინ იცავდნენ და ათავისუფლებდნენ ქალაქს ოკუპანტებისგან. ზოგიერთი დამცველი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა.

  • წინა დღით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.
  • ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის.
XS
SM
MD
LG