მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების ეს ეპიზოდი ეხება 2016 წელს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.
ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას, თავდაპირველად მედიით გავრცელდა. მოგვიანებით ეს ოფიციალურად დაადასტურა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგმა. მისი ინფორმაციით, დაუკავშირდნენ დონალდ ტრამპის ადვოკატს, რათა შეეთანხმებინათ პროკურორის ოფისში ტრამპის მისვლა სასამართლოში შემდგომი წარდგენის მიზნით.
პროკურორი ბრეგი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ბრალდების შინაარსს. ტელეკომპანია CNN-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ მომავალი კვირის სამშაბათს.
ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უწოდა პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა.
გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა. დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
აშშ-ში მიმდინარეობს არაერთი გამოძიება დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების სავარაუდო, ფინანსური მაქინაციების გამოც.
- მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა, მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.
- 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.