Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე შვილი მომპარეს“ - პარლამენტთან დედების აქცია მიმდინარეობს


აქცია პარლამენტის წინ, 1 აპრილი, 2023 წელი
აქცია პარლამენტის წინ, 1 აპრილი, 2023 წელი

პარლამენტთან მიმდინარეობს ფეისბუკ ჯგუფის „ვეძებ“ მიერ ორგანიზებული აქცია.

ფეისბუკის ჯგუფში, რომელიც 220 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდო უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ.

პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.

აქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან

ისინი მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილების ფაქტებზე გამოძიება 2022 წლის 2 სექტემბერს დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 12 წლამდე.

გარდა ამისა, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას შეიცვალოს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, გაშვილებულ ადამიანს არ აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, თუკი აღმზრდელი მშობლების ოფიციალური თანხმობა არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობით, გაშვილებულ პირს არ აქვს უფლება გაიგოს საკუთარი დაბადების დღე, დაბადების ადგილი და ბიოლოგიური გვარი.

აქციის ორგანიზატორი, თამუნა მუსერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, წლების წინ, მათი ჩვილები დაბადებისთანავე გაყიდეს, სამშობიარები არქივებში არსებულ ჩანაწერებს არ უზიარებენ:

„დედებს არ აძლევენ საკუთარი მშობიარობების ამონაწერს. გარდა ამისა, აქამდე თუ ამ ამონაწერის მიღება უფასო იყო, ნოემბრიდან ზოგიერთმა სამშობიარომ თვითნებურად დააწესა გადასახადი და გახადა 50 ლარი. ვითხოვთ სამშობიაროებთან შუამდგომლობას და ამ პრობლემების მოგვარებას“.

ფეისბუკის ჯგუფში „ვეძებ“, ბოლო ორი წელია, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, მათ შორის გასული საუკუნის 80-90-იანი წლებში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის ფაქტების შესახებ.

2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 700-ზე მეტი ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.

XS
SM
MD
LG