Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ეძებს "ვაგნერის" ალტერნატივას


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში მოკლული "ვაგნერელების" საფლავები რუსეთის კრასნოდარის მხარეში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში მოკლული "ვაგნერელების" საფლავები რუსეთის კრასნოდარის მხარეში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს დააფინანსოს და განავითაროს კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ ალტერნატივად გამოიყენებს და ამ კერძო სამხედრო კომპანიას ჩაანაცვლებს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ამ პროცესის კონტექსტია მტრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის. როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სურს, ეს დაჯგუფება შეცვალოს სხვა კერძო სამხედრო კომპანიით, რომელსაც მეტად გააკონტროლებს.

ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ამ ეტაპზე ცნობილი ვერცერთი სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ვერ უტოლდება წევრების რაოდენობით და საბრძოლო პოტენციალით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

XS
SM
MD
LG