Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი" - სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე


"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მადლობას ვერ გადაუხდის მას, "ვინც გაბედა და ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი". ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის 4 აპრილის სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლისას განაცხადა.

"საუბარი იმაზე არ არის, ვინმეს უფლება დაცული უნდა იყოს თუ არა, ამას საკამათოდ არავინ არ ხდის. როდესაც ოპოზიცია გამოდის განცხადებებით და ცდილობენ გმირად შერაცხონ ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი, ეს არის პრობლემა და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია, საზოგადოებას ვუთხრათ, ვინაა ნამდვილი გმირი.

აქ მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი". ამ პროცესს ან უნდა გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ. მე კიდე ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეცაა, გიორგი მაზნიაშვილის, იმ კაცს გადავუხდი მადლობას და არა ყალბ გმირებს" , - თქვა სარჯველაძემ სხდომაზე.

მის გამოსვლამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ლელოდან", ანა ნაცვლიშვილმა, განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას და დეპუტატ ანი წითლიძეს ბრალდებულ გრიგორიადისის მონახულებაზე უარი უთხრა.

"მართალია, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ ეს არ გულისხმობს თვითნებურად ან ახირებით ძალაუფლების გამოყენებას, ანუ დასაბუთება და უარის თქმის მიზეზი უნდა ჩანდეს", - უთხრა დეპუტატმა რადიო თავისუფლებას.

მანამდე მან პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომაზე მიმართა:

"შიშს მართლა ძალიან დიდი თვალები ჰქონია! დღეს დავრწმუნდი, რომ გეშინიათ, მე და ანი წითლიძე არ დაგვიშვით ლაზარესთან, რათა ვნახოთ, როგორ არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მანქანა გაქვთ მოქოქილი და რომლის უფლებების დარღვევაზეც ძალიან ბევრი განცხადება კეთდება".

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG