თურქეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს. რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეფასებით, მდგრადი ვერ იქნება სისტემა, რომელშიც მხოლოდ 5 სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ბედი.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, პრეზიდენტმა ერდოანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე 4 აპრილს, საღამოს ილაპარაკა ანკარაში, მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ შტაბ-ბინაში, სადაც იფთარზე უმასპინძლა უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 10 წევრი როტაციის პრინციპით, პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია - რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.
როტაციის წესით იცვლება საბჭოს თავმჯდომარე. 1 აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოს სათავეში ჩაუდგა "ტერორისტი სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.