Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჭულაძე, ჭოხონელიძე, წურწუმია, "ლექსენი" და სხვები გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას უერთდებიან


ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის წევრები
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის წევრები

"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოძრაობას მომღერლების ნაწილი უერთდება. საზოგადოებას ეს ადამიანები დედაენის ბაღში წარუდგინა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ.

"დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას და შესაბამისად ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა და მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთულ გზაზე", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

მოძრაობას შეუერთდნენ პაატა ბურჭულაძე, თამარ ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, "ლექსენი" და სხვები.

"გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ - გარეთ. თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე", - თქვა პაატა ბურჭულაძე.

16 თებერვალს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და "მთავარი არხის" დირექტორის მეგობრებმა დააფუძნეს მოძრაობა ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად. გვარამიას არ აქვს მოლოდინი, რომ მას უზენაესი სასამართლო გაამართლებს, მოძრაობის წევრები კი პრეზიდენტს სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება - შეწყალება.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG