Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დღესაც, ამ გალიაში მჯდომს, მიყვარს ჩემი ქვეყანა“ - ვლადიმირ კარა-მურზამ სასამართლოში ბოლო სიტყვა წარმოთქვა


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმირ კარა-მურზამ, რომელსაც ღალატში და რუსული არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებენ, ორშაბათს სასამართლოში ბოლო სიტყვა წარმოთქვა. სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დახურული იყო, მან თქვა, რომ უდანაშაულოა და რომ ამაყობს იმით, რასაც აკეთებდა. კარა-მურზას გამოსვლა სრულად მის ტვიტერზე გამოქვეყნდა.

"დღესაც, ჩვენს ირგვლივ არსებულ სიბნელეშიც კი, ამ გალიაში მჯდომს, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მჯერა ჩვენი ხალხის. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გზის გავლას“, - წერს ვლადიმირ კარა-მურზა.

ყარა-მურზა მიიჩნევს, რომ რუსეთში სამართლებრივი მდგომარეობა მეოცე საუკუნის 1930-იანი წლების მსგავსია. მან აღნიშნა, რომ ხელს მოაწერს პროკურატურის ბრალდების ყველა პუნქტს, რომლებშიც ღალატად არის მიჩნეული რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დასავლეთის ქვეყნებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები და ხაზს უსვამს, რომ ამაყობს თავისი ქმედებებით. ის თავს იდანაშაულებს მხოლოდ იმაში, რომ თავისი საქმიანობის მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო საკმარისად დაერწმუნებინა თანამოქალაქეები, თუ რამდენად საშიშია კრემლის რეჟიმი.

სასამართლო ვლადიმირ კარა-მურზას საქმეზე განაჩენს მომავალ ორშაბათს, 17 აპრილს, გამოაცხადებს.

  • ზუსტად ერთი წლის წინ 41 წლის პოლიტიკოსი რუსეთში დააკავეს და 15 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მოგვიანებით მას წაუყენეს ბრალდება, რომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა, აშშ-ის არიზონის შტატის კანონმდებლებთან საუბარში.
  • გასული წლის ოქტომბერში პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების სფეროში. პრემიას ყოველწლიურად გასცემს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის გაწეულ "გამორჩეულ" სამოქალაქო ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG