Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, პარლამენტში იბარებს. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით იბარებენ მინისტრს.

"გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. ამ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გვჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად დაიწყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებასაც ასეულობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლიც. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი.

7-9 მარტის აქციებზე გამოყენებული საპოლიციო ძალების შესახებ რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია გამოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუმცა უწყებამ მის გაცემაზე უარი თქვა.

XS
SM
MD
LG