Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელი დაკავებულია


იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა

15 აპრილს, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ვაკაიამაში გამოსვლისას იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას ასაფეთქებელი ნივთიერებები ესროლეს. არავინ დაშავებულა. ღონისძიება კი ჩაიშალა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის კანდიდატს ესაუბრებოდა, რომლის მხარდასაჭერადაც მივიდა ღონისძიებაზე.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა პარლამენტის ქვედა პალატის შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა.

ინციდენტის შემდეგ კიშიდა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს, პოლიციამ კი თავდამსხმელი დააკავა. დაწყებულია გამოძიება.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ მამაკაცი კიშიდას მიმართულებით საგანს ისვრის, რასაც მოჰყვება კვამლი და აფეთქების ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საკვამლე ბომბი ისროლა.

პოლიციის ცნობით, დაკავებული დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა მეტ დეტალზე ჯერ არ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ისმის ძლიერი აფეთქების ხმა, ჩანს, როგორ გარბის ხალხი, რამდენიმე პოლიციელი თავდამსხმელს იჭერს.

კიშიდაზე თავდასხმა მოხდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს მკვლელობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

2022 წლის ივლისში, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისას შინძო აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. აბე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG