რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის მიერ გამთენიისას ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი საზღვაო დრონი მოიგერიეს წყალქვეშა დივერსიების საწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა, მეორე კი - თავად აფეთქდა.
რაზვოჟაევის მტკიცებით, არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა. ე.წ. გუბერნატორის თანახმად, სევასტოპოლში სიმშვიდეა, თუმცა, „ყველა ძალა და სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაშია“.
უკრაინის ხელისუფლებას სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ეს არ არის რუსეთის მიერ ანექსირებულ ქალაქზე დრონებით დარტყმის პირველი შემთხვევა.