ალბათიში დააკავეს საქართველოს 24 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი. ყახაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტთაღლითების ქოლცენტრში მუშაობდნენ.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ონლაინ ბრიფინგზე ისაუბრა ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ. დამატებით დეტალები არ გახმაურებულა.
ყაზახური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა - ისინი თავს ბანკის თანამშრომლებად წარმოადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინ სესხებს უფორმებდნენ.
მანამდე BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.
დავით კეზერაშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე დაწერა, რომ მასთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, „საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება".
„ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს", - აღნიშნა კეზერაშვილმა.
თაღლითობის გლობალურ ქსელში ჩართული ქოლცენტრების გამოსავლენად სპეცოპერაცია საქართველოში რამდენჯერმე ჩატარდა, მათ შორის რამდენიმე დღის წინაც - გასულ კვირაში თბილისში სპეცოპერაცია ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ ჩატარდა.