Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ ზალუჟნის ცნობით, რუსეთის მიერ დღეს გამოყენებული 23 რაკეტიდან 21 გაანადგურეს


რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული საწარმო ქალაქ დნიპროში. 2023 წლის 28 აპრილი
რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული საწარმო ქალაქ დნიპროში. 2023 წლის 28 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევა განახორციელეს კასპიის ზღვის რაიონიდან, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების, ტუ-95-ის გამოყენებით.

გენერალ ზალუჟნის თანახმად, უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა საჰაერო თავდაცვის ძალებთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

გამთენიისას რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე.

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ჩერკასკის ოლქის ქალაქ უმანში, სადაც ერთი რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მეორე კი - საწყობების შენობას. მსხვერპლია ქალაქ დნიპროშიც. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანგრეულია ერთ-ერთი საწარმო და კერძო სახლი. დაიღუპნენ 31 წლის ქალი და 2 წლის ბავშვი. დაჭრილია 3 ადამიანი.

28 აპრილს, გამთენიისას ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მოხვდა 9-სართულიან სახლს
28 აპრილს, გამთენიისას ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მოხვდა 9-სართულიან სახლს

რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ლუგანსკის ოლქის და ყირიმის გარდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. აფეთქებები იყო კიევსა და მის შემოგარენში და პოლტავის და ნიკოლაევის ოლქებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 11 რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ უკრაინკაში რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლს. დაშავდა 13 წლის გოგო.

უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 06:20 საათზე შეწყდა.

XS
SM
MD
LG