Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან


ჯეიჰუმ ბაირამოვი და არარატ მირზოინი თბილისში გამართულ შეხვედრაზე. 16 ივლისი, 2022 წელი
ჯეიჰუმ ბაირამოვი და არარატ მირზოინი თბილისში გამართულ შეხვედრაზე. 16 ივლისი, 2022 წელი

ვაშინგტოში მომავალ კვირაში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრის მიზანია მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა და სამშვიდობო „საგზაო რუკის“ შემუშავება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“ ავრცელებს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრამ შესაძლოა რამდენიმე დღეს გასტანოს.

„დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ თუ ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე სამშვიდობო „საგზაო რუკის“ შემუშავება მოხერხდა, მაშინ ევროპა „დაასრულებს სამუშაოს“ და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლებს სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე კვირის პერიოდში“, - წერს სააგენტო „ტურანი“.

დაგეგმილი შეხვედრის დამატებითი დეტალები უცნობია.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არარატ მირზოიანი 30 აპრილს აშშ-ის დედაქალაქში ჩავა, სადაც დაგეგმილია დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე შეთანხმების შესახებ.

ოფიციალურ ბაქოს მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ორ ქვეყანას შორის კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო „გაყინული“, კვლავ იფეთქა 2020 წლის შემოდგომაზე, როცა ექვსკვირიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა მოახერხა დაებრუნებინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე და თავად მთიანი ყარაბაღის ნაწილზე, რაც 90-იან წლებში დაკარგა. ძალთა ამგვარი თანაფარდობა გაფორმებულია 2020 წლის ნოემბერში რუსეთის შუამავლობით მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. ამავე შეთანხმებით რეგიონში განლაგდა რუსეთის სამშვიდობო ძალები ორი ათასამდე სამხედროს ოდენობით. კონფლიქტის ზონაში დროდადრო ვითარება მწვავდება.

XS
SM
MD
LG