Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოვედი და ჩავბარდი - რატომ მიდიან ქართველი ჟურნალისტები ემიგრაციაში?


„გავაცნობიერე, რომ ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდა ყველა ჟურნალისტს, ვინც ხელისუფლების პროპაგანდით არ იყო დაკავებული და მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი“...

„ჩემი კამერა მენატრება, კამერა, რომელიც ტელევიზიაში დავტოვე და შვილივით ვუვლიდი“...

„ჟურნალისტიკაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად ვიმუშავე, თუმცა...“

„2021 წლის 5 ივლისის მოვლენები იყო ბოლო წერტილი, როცა ვთქვი, რომ ჩემი შვილი საქართველოში არ უნდა გაზრდილიყო“...

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. 2023 წელს, პროფესიულ დღეს, არაერთი ქართველი ჟურნალისტი და ოპერატორი ემიგრაციაში ხვდება. საქართველო და საკუთარი პროფესია მათ ბოლო ერთ წელში დატოვეს.

ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება პირველ რიგში, უკანასკნელ წლებში მომხდარის შემდეგ მიიღეს - ფიზიკური თავდასხმები, საფრთხის შემცველი გარემო, ხელისუფლების მიერ წაქეზებული აგრესია - ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც ჟურნალისტები პროფესიას და ქვეყანას ტოვებენ. ემიგრაციაში წასვლის კიდევ ერთი მიზეზი ფინანსური სირთულეებია.

„გული იმაზე მწყდება, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდში მომიწია სამსახურის მიტოვება და ემიგრაციაში წასვლა“

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი ხუხია უკვე თითქმის ორი თვეა ისრაელში ცხოვრობს. ერთ-ერთი ბოლო პირდაპირი ჩართვა 7 მარტის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ჰქონდა, სადაც დემონსტრანტები ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.

იმ ღამეს გიორგი დაშავდა. ყურში მოხვდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი ე.წ. გაზის ტყვია. მიუხედავად ტრავმისა,მუშაობა არ შეუწყვიტავს. თუმცა, სახლში დაბრუნებულმა, საქართველოდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.

გიორგი ხუხია, 7 მარტის აქცია
გიორგი ხუხია, 7 მარტის აქცია

31 წლის გიორგი ხუხია 14 წელია ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებაში იმუშავა. ბოლო წელიწადნახევარი კი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი იყო. ბოლო წლების შიში, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო არ იყო, 7 მარტს რეალობად იქცა.

„იმ ღამეს აქციის დაშლისას, ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის მეც. გაზის ე.წ. ტყვია მომხვდა ყურში და გადამარჩინა იმან, რომ ყურსასმენი მეკეთა და ის ყურსასმენი გატყდა. ყურიდან სისხლდენა დღემდე მიგრძელდება. ეს იყო უკანასკნელი წვეთი. ბოლო წლებში ზოგადად ვფიქრობდი ემიგრაციაში წასვლაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი, ვფიქრობდი, იქნებ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, იმდენად მომწონდა და მიყვარდა ის გარემო, სადაც ვმუშაობდი, რომ არ მეთმობოდა, მაგრამ მარტის აქციების მერე გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ წამში მივიღე. ოჯახისთვისაც, კოლეგებისთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ვიყიდე ბილეთი და 13 მარტს ისრაელში წამოვედი“.

კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რამაც გიორგის ემიგრაციაში წასვლა გადააწყვეტინა, რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო. დღეს "ყველა კრიტიკულ მედიას ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს", - ამბობს ტვ პირველის“​ყოფილი რეპორტიორი.

გიორგი ხუხია
გიორგი ხუხია

„თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ ვიღებდით და როდესაც ხელისუფლებას კრიტიკულ კითხვებს ვუსვამდით, ცინიკურად დაგვძახოდნენ, აი, ახლა ამ კითხვის დასმის გამო პრემიას ჩაგირიცხავენო...პრემია კი არა, მრავალი თვის განმავლობაში ხელფასებს ვერ ვიღებდით. დღემდე ასეა ბევრი ჩემი კოლეგა. წარმოუდგენლად დასაფასებელია მათი შრომა. ვწუხვარ, რომ ასეთ რთულ პერიოდში მომიწია მათი მიტოვება, მაგრამ არის სხვა ვალდებულებებიც, ოჯახური საჭიროებები, იპოთეკური სესხი, რომელსაც ენთუზიაზმით ვერ გადაიხდი. ტელევიზიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს, ისევ ხელისუფლებამდე მივყავართ, რომელიც ბიზნესს პრაქტიკულად მიუთითებს, რომ თუკი ოპოზიციურ არხებზე მიიტანენ რეკლამას, პრობლემები შეექმნებათ. ესეც ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რამაც უზარმაზარი ბიუჯეტი დააკარგინა ტელევიზიებს“.

დღეს გიორგი ისრაელში კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მუშაობს. დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავს. მუშაობს ოთხ სამსახურში. მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, თვლის, რომ მისი ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მაინც გამართლებულია:

„ერთ კლინიკაში სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა მაბარია. მეორე კლინიკაში, დალაგება-დასუფთავება. მაქვს მესამე და მეოთხე სამსახურიც. ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის ხუთ საათზე და მთავრდება ღამის პირველ საათზე, ზოგჯერ ორ საათზე. ვმუშაობ ყოველ დღე. პარასკევს და შაბათს, როცა მთელი ისრაელი ისვენებს, მე აუზზე ვმუშაობ, რადგან სწორედ დასვენების დღეებში დადიან აქაურები აუზზე...მიუხედავად სირთულეებისა, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვმუშაობ, შესაბამისად, მაქვს შემოსავალი, ვცხოვრობ ჩემთვის უსაფრთხო გარემოში...მქონდა მომენტები, როცა დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, რას ვაკეთებ საერთოდ აქ? რატომ წამოვედი, შინაგანი ბრძოლა დამეწყო, ჩემს ქვეყანაში სულ სხვა პროფესია მქონდა, მეტნაკლებად, წარმატებული ვიყავი და აქ, უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, მაგრამ დღეს ეს არის ჩემი რეალობა და ეს უნდა მივიღო“.

არ იცის როდის, მაგრამ იცის, რომ ჟურნალისტიკაში ისევ დაბრუნდება, ემიგრაციაში წასვლა კარიერის საუკეთესო პერიოდში მოუწია:

"ერთი რამ ზუსტად ვიცი, არ მინდა, რომ ამ პროფესიიდან წავიდე და ალბათ არც წავალ. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ამ პროფესიას ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია და მინდა, რომ ეს საქმე ისევ ვაკეთო“.

„ყველაზე მეტად ჩემი კამერა მენატრება“

ლევან კალანდიამ 25 წელი იმუშავა ოპერატორად. კამერა ხელში პირველად 1996 წელს აიღო, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. მუშაობა ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშში“ დაიწყო. ამის შემდეგ რამდენიმე ტელეკომპანია გამოიცვალა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული ოპერატორიც. 2006 წლიდან, 14 წლის განმავლობაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში იმუშავა. ემიგრაციაში წასვლამდე, ბოლო ორი წელი „მთავარ არხზე“ გაატარა.

ლევან კალანდია
ლევან კალანდია

ბოლო 25 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ქვეყანაში მიმდინარე არცერთი მთავარი მოვლენა, რომელიც ლევან კალანდიას ობიექტივში არ მოხვედრილა. აქციები, დემონსტრაციები, მაღალი დონის ვიზიტები, ოფიციალური შეხვედრები, ლევან კალანდიას კამერა თითქმის ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში ტრიალებდა.

თუმცა, აურაცხელი გადაღებიდან, მის კარიერაში რამდენიმე მთავარ ეპიზოდს მაინც გამოყოფს. გადაღებას უკრაინასა და აფხაზეთში:

„2014 წელი, მაიდანი, უკრაინა. ერთი თვე ვიმუშავეთ იქ. ყველაზე მაგარი გამოცდილება სწორედ იქ დავაგროვე. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი თამარ ნუცუბიძესთან, ნათია ტრაპაიძესთან და თამარ ბაღაშვილთან ერთად. ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, თითქოს ფილმს ვიღებდი. ყველანაირი გრძნობა გაქრა მაშინ, სიცივის, შიმშილის, დაღლის, ვიყავი მხოლოდ მე, ჩემი კამერა და ამბავი, რომელსაც ჩემი კამერა იღებდა. მაგრამ მთავარი და საეტაპო გადაღება, ვთვლი, რომ მაინც აფხაზეთში მქონდა, როცა აფხაზი მეგობრების დახმარებით, 2013 წელს ენგურის ხიდის გავლით გადავედი აფხაზეთში და გადავიღე ოჩამჩირე და ილორის ეკლესია, რომელიც ფაქტობრივად, თეთრად გადაღებილი დამხვდა. ოცნებად მქონდა ქცეული აფხაზეთის გადაღება და ეს ოცნება ავისრულე. მაშინ სამსახურმა საკუთარ თავზე ვერ აიღო ჩემი უსაფრთხოება და წასვლის უფლება არ მომცა, თუმცა, გავაფორმე ერთკვირიანი შვებულება და მაინც წავედი“.

ლევანი ერთი წელია ირლანდიაში, პატარა ქალაქ ლეტერკენში ცხოვრობს. ემიგრაციაში წასვლა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ გადაწყვიტა, სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისში, „ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად, ცენტრალური ქუჩები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და „ალტ-ინფოს" მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს.

იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის ზოგს რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის დროს ერთ-ერთი დაშავებული, ლექსო ლაშქარავა კი, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღის შემდეგ, სახლში გარდაიცვალა:

„მაშინ დავკარგე ყველანაირი უსაფრთხოების შეგრძნება. ამ წლების განმავლობაში, თუკი საქართველოში რაიმე აქცია ჩატარებულა, ყველაფერი გამიშუქებია. რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, თანამდებობის პირებით დამთავრებული, ყველა მცნობს. ისეთი შეგრძნება, რაც 5 ივლისს მქონდა, მანამდე არასდროს მქონია. იმ დღეს სამჯერ გადავურჩი სიკვდილს. ძალიან მძიმე დღე იყო ყველასთვის და მათ შორის, ჩემთვისაც. ჟურნალისტებს მიზანმიმართულად დასდევდნენ საცემად. სამწუხაროდ, ეს აგრესია 5 ივლისს არ დასრულებულა. იმ დღიდან მოყოლებული, აგრესიას ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად ვგრძნობდით. მაგალითად, ვიდექით ქუჩაში, პირდაპირ ჩართვაზე, გაჩერდებოდა მანქანა, გადმოვიდოდა ვიღაც, შეურაცხყოფას მოგვაყენებდა. ახლა სხვა ჩაგვივლიდა გვერდით, შეგვაგინებდა. და ასეთ დროს რა უნდა გვექნა? ვერ გაეკიდები, ვერ უპასუხებ, რადგან შენს პროფესიულ მოვალეობას ასრულებ“.

ლევანი თავდაპირველად კანადაში წასვლას გეგმავდა, თუმცა, სამთვიანი გზისა და 16 ქვეყნის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ირლანდიაში დაბინავდა. დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი მარკის მანქანების ნაწილების საწარმოში, ღამის ცვლაში მუშაობს.

ლევან კალანდია ირლანდიაში
ლევან კალანდია ირლანდიაში

„ირლანდიაში ლტოლვილად ჩავბარდი. ახლა ვცხოვრობ პატარა ქალაქში, დროებით, სანამ საბოლოოდ და ოფიციალურად მივიღებ ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ექვსი თვე ვიყავი უმუშევარი...ახლა ინგლისურ ვსწავლობ და მერე, ყველანაირად ვეცდები, რომ აქ, ტელევიზიაში, ისევ ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა. არასდროს მოვეშვები ამ პროფესიას, არ არსებობს. დღესაც კი ყველაზე მეტად ჩემი კამერა მენატრება, რომელსაც პატარა ბავშვივით ვუვლიდი“.

ემიგრანტი ოპერატორი ირლანდიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

„ჩემი შვილი და ჩემი პროფესია იყო ჩემთვის ყველაფერი და ორივე საქართველოში დავტოვე“

„თქვენი დროით შვიდის ნახევრისკენ მოვრჩები მუშაობას და დაგირეკავ, ხომ არ გაგვიანებ?“ - მწერს ნათია იტალიიდან, სადაც რამდენიმე თვის წინ წავიდა სამუშაოდ. საქართველოში დატოვა 17 წლის შვილი და მშობლები.

ეს ფრაზა - „ხომ არ გაგვიანებ“, ჟურნალისტებისთვის ყველაზე ნაცნობი კითხვაა. ჟურნალისტებმა, რომლებსაც სულ გვეჩქარება, სულ გვაგვიანდება, ყველაზე კარგად ვიცით, ამ კითხვაზე პასუხის მნიშვნელობა. ნათიამაც ამიტომ მკითხა. ემიგრაციაში წასვლამდე ნათია კოპალიანი 15 წელი ყოველდღიური ამბების რეპორტიორი იყო.

მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტმა, ბათუმში, აჭარის ტელევიზიაში დაიწყო. იმუშავა გაზეთ „ბათუმელებში“. მოგვიანებით თბილისში გადმოვიდა, იყო საპარლამენტო კორესპონდენტი, აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ თემას. ემიგრაციაში წასვლამდე „ტვ პირველის“ პოლიტიკური ტოკ-შოუების პროდიუსერი იყო.

ნათია კოპალიანი
ნათია კოპალიანი

ლაპარაკი უჭირს. დრო და დრო ჩუმდება, ხმა უწყდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილს ახსენებს. დღეს ნათია ფლორენციაში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში, მიმტანად მუშაობს.

„ამ პროფესიაში ვიმუშავე თავდაუზოგავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი. ვაშუქებდი აქციებს, დარბევებს, კოვიდის დროსაც, როცა მაგალითად, 2020 წლის მარტში, მარნეულში ვირუსმა იფეთქა, იქ ვიმუშავე. ამ პროფესიაში ვდებდი ყველა რესურსს, რაც კი გამაჩნდა და ეს საქმე მიყვარდა ყველაზე მეტად. ერთი შვილი მყავს. ჩემი შვილი და ჩემი პროფესია იყო ჩემთვის ყველაფერი. ძალიან მწყდება გული, რომ შენი ქვეყანა ვერ გაძლევს რესურსს, რომ შენს ქვეყანაშივე იცხოვრო ადამიანურად, სრულფასოვნად. გარდა ფინანსური მდგომარეობისა, გარემოც იმდენად ტოქსიკური სტრესული და უპერსპექტივო იყო, რომ სხვა გამოსავალი ვეღარ ვნახე და ემიგრაციაში წამოვედი“.

ნათია კოპალიანი, 2020 წელი, მარნეული
ნათია კოპალიანი, 2020 წელი, მარნეული

ნათიასთვის განსაკურებით რთული აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ ემიგრაცია ოჯახისგან შორს ყოფნის გარდა, მისი პროფესიის დავიწყებასაც გულისხმობდა:

„საქართველოში, ჩემს პროფესიაში, ასე თუ ისე, წარმატებული ადამიანი ვიყავი, მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, ვმუშაობდი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში, მთავარი პოლიტიკური ტოკ-შოუების პროდიუსერად და უცებ ამ ყველაფერს ტოვებ და შენი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საქმის კეთებას იწყებ. ეს ჩემთვის მორალურად ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მაგალითად, მიმტანის საქმეს ვაკნინებ, უბრალოდ, როცა გაქვს შენი პროფესია, მაგრამ ეს პროფესია ვერ გაძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას და იძულებული ხდები, სხვა საქმესა და სხვა ქვეყანაში დაიწყო გამოსავლის ძებნა, ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტია“.

გარდა რესტორნისა, ცოტა ხნის წინ ნათიამ იტალიაში დაფუძნებულ ქართულ მედია-პორტალზე Exclusive TV-ზე, დაიწყო მუშაობა:

„ეს მოხალისეობრივი საქმეა, უბრალოდ, კვლავ ვცდილობ დავრჩე ჩემს პროფესიაში და თან ჩემი მასალებით დავეხმარო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ეს ამბები ეხება საქართველოდან ჩასული ემიგრანტების საკითხებს, საკანონდებლო გადაწყვეტილებებს, დასაქმებულების უფლებებს და ა.შ. აქამდე სულ ვამბობდი ეს ქვეყანა მტანჯავს-მეთქი, ახლა უკვე ვამბობ „ჩემი ქვეყანა მტანჯავს“, აქაც შორს ყოფნით, შვილისგან შორს ყოფნით. კი ეს ქვეყანა მართლა ჩემია, ჩემი და ჩემნაირების, ვინც ვერაფერი შეცვალეთ უკეთესი დღეების მოსაყვანად, მაგრამ, იმედია, მოვა უკეთესი დღეები და ნახევარ საქართველოს ჩემსავით არ მოუწევს მისი მიტოვება“.

„სწორედ იმ დღეს ვკითხე ჩემს ქმარს, ახლა რას ვშვრებით?“

თათია წულაძემ თითქმის ერთი წელი იმუშავა „მთავარი არხის“ ვების განყოფილების დეპარტამენტში. იყო კონტენტ-მენეჯერი არხის ინსტაგრამისა და ფეისბუკის გვერდებზე და ასევე გრაფიკული დიზაინერი.

ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო არ მიუღია. ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრი, ჯერ კიდევ 2020 წელს, მაშინ დაიწყო, როცა რუსთაველზე, ერთ-ერთი აქციის დაშლის დროს, სამართალდამცავებმა 17 კვირის ორსულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: „ამ დღეს ჩემს ქმარს პირველად დავუსვი კითხვა, აქ რაღას ვაკეთებთ-მეთქი?“.

საბოლოოდ, თათიამ და მისმა ქმარმა, ერთი წლის შვილთან ერთად, საქართველოდან წასვლა 2021 წლის 5 ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს:

თათია წულაძე
თათია წულაძე

„საქართველოში ნამდვილად არ ვიყავით ისეთ სიტუაციაში, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. უფრო მეტად ეს იყო განპირობებული იმ მოტივით, თუ როგორ ქვეყანაში გვინდოდა შვილის გაზრდა. სწორედ ჩვენი შვილის და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები იყო ბოლო წერტილი, როცა ვთქვი, რომ ჩემი შვილი საქართველოში არ უნდა გაზრდილიყო, რადგან პირდაპირ ეთერში ვუყურე, როგორ გაუსწორდნენ ჩემს მეგობარს რადიკალური ჯგუფები და პარალელურად ვუყურებდი, როგორ ესხმოდნენ თავს ისინი „სირცხვილიას“ ოფისს. მე კი ამ დროს თოთო ბავშვი მეჭირა, და ვერავისთან ვტოვებდი, რომ მეც იქ მივსულიყავი. სწორედ ამ უსუსურობის შეგრძნებამ, რომ ვერც ჩემს შვილს დავიცავდი იმავე სიტუაციაში და ვერც ჩემს მეგობრებს, სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა“.

თათია და მისი ქმარ-შვილი ამერიკაში მექსიკის გავლით ჩავიდნენ:

„საქართველოდან 2022 წლის 24 მარტს გამოვფრინდით. ამერიკაში ჩამოვედით და ჩავბარდით 5 აპრილს. 24 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, სანამ მექსიკა-ამერიკის საზღვარს გადავკვეთდით და სასაზღვრო პოლიციას ჩავბარდებოდით, ვჩერდებოდით სხვადასხვა ქალაქში. 5 აპრილს აგვიყვანეს რეგისტრაციაზე და 8 აპრილს გამოვედით საემიგრაციო დროებითი დაკავების იზოლატორიდან, გადმოვფრინდით ნიუ-იოკრში და მას შემდეგ აქ ვართ".

თათია თვითონაც ემიგრანტი მშობლების შვილია. მეორე კლასში იყო დედა რომ წავიდა ემიგრაციაში. რამდენიმე წელში, ემიგრაციაში წავიდა მამაც. 2008 წელს, თათიას მამა თურქეთში მოკლეს:

„ეს იმ დროს მოხდა, როცა თითქოს უკვე ყველაფერი ლაგდებოდა და ოჯახი უნდა გავერთიანებულიყავით. მამის მკვლელობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დედა პერიოდულად ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყო. 2014 წლიდან დედა ამერიკაში გადმოვიდა. ახლა კი მეც აქ ვარ, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად“.

თათიას ორი სამსახური აქვს - პარასკევი საღამოდან ორშაბათის ჩათვლით ხანდაზმულ ქალს უვლის. დანარჩენ დღეებში კი ქმართან ერთად, პარკინგზე მუშაობს:

„როცა გონებით ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ხოლმე, რომ ჩემი შვილის მომავლისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან როცა თუნდაც სასკოლო ასაკს მიაღწევს, მას ექნება არჩევანი, საქართველოში გადაწყვეტს ცხოვრებას თუ ამერიკაში. მაგრამ თუ ამას ჩემი გადმოსახედიდან და გულიდან შევხედავ, როცა ასე შორიდან ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქაც უამრავ პრობლემას ვაწყდები, ვფიქრობ ხოლმე, იქნებ არ უნდა წამოვსულიყავი. ერთხელ უკან დასაბრუნებელი ბილეთიც კი ვიყიდე, მაგრამ ბოლოს ისევ გონება სძლევს გულს და ვამბობ, რომ ასეა საჭირო“.

ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის ვიდეო ნიუ-იორკიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:06:09 0:00

მიუხედავად ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებისა, თათია საკუთარ მომავალს საქართველოს გარეშე ვერ ხედავს:

„ ზუსტად ვიცი, რომ პირველივე შესაძლებლობას გამოვიყენებ... და ისევ საქართველოში ჩავდებ ჩემს რესურსს. ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ საქართველოსთან ასოცირდება“.

თათია წულაძე და ქეთა ბაღაშვილი ნიუ იორკში, ე.წ. "აგენტების კანონის" საპროტესტო აქციაზე
თათია წულაძე და ქეთა ბაღაშვილი ნიუ იორკში, ე.წ. "აგენტების კანონის" საპროტესტო აქციაზე

ბოლო ერთ წელიწადში, ემიგრაციაში სავარაუდოდ, ერთ ათეულზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი წავიდა.

NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც 3 მაისს, გამოქვეყნდა, საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. 2022 წელს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის 26 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი.

თუმცა არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი რამდენი იყო მათ შორის ჟურნალისტი. არ არსებობს არც იმის კვლევა, რატომ მიდიან ქართველი ჟურნალისტები ემიგრაციაში.

XS
SM
MD
LG