Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: "რუსული ოცნება ფინანსდება ქოლცენტრებიდან და უნდათ მე და ჩემი ძმა გაგვსვარონ"


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლიდან", ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან მისი ან მისი ძმის შესაძლო კავშირებზე ბრალდება არის ტყუილი. პარლამენტში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ამ თაღლითური სქემით იღებს სარგებელს მმართველი პარტია და ამის გამო ამბობს უარს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

"ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ... მე ან ჩემს ძმას რომ რამე მიგვიძღოდეს ამ საქმეში, დღეს იქნებოდა დაკავებული", - თქვა ვაშაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრის არსებობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ოფისი ეკუთვნის კომპანიას, რომლის 25 პროცენტის მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძეა. მისი თქმით, წლებია, მას მეორე სართულზე სასტუმრო აქვს გახსნილი და არ იცის, სხვა რა დაწესებულებებია ამ შენობაში.

პოლიციამ აღნიშნულ შენობაში დალუქა მეოთხე სართული, სავარაუდოდ, იქ ქოლცენტრის მუშაობის გამო. დავით ვაშაძე ამბობს, რომ ამ სივრცეში წლების განმავლობაში განთავსებული იყო ფრანგული ინსტიტუტი და მისი გადასვლის შემდეგ, აღარ აქვს ინფორმაცია, ვინ იქირავა ის ფართი. ვაშაძემ თქვა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და უარყოფითად შეაფასა თაღლითური ქოლცენტრების მუშაობა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლებაში მყოფ პირებს აქვთ, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG