Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას გვაშორებს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე


პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია
პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე მომზადებული კანონპროექტი საქართველოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისგან აშორებს. "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში მან ასევე თქვა, რომ აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისკენაა მიმართული.

"ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, აშკარაა, მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ემსახურება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს... პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის ინიციატორები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

შემოთავაზებული ცვლილებებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით - ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის (100 დეპუტატი) ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 დეპუტატი) აირჩევს.

ასევე, კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში - მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

XS
SM
MD
LG