ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დარბაზიდან გააძევეს რუსი გულშემატკივრები, რომლებმაც უარი თქვეს ტანსაცმლიდან მოეხსნათ რუსული სიმბოლო „წმინდა გიორგის ლენტი“.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა სპორტულ პორტალს, Inside The Games განუცხადა, რომ 9 მაისს სამ რუს გულშემატკივარს ჯერ ლენტების მოხსნა სთხოვეს, უარის შემდეგ კი, დარბაზი დაატოვებინეს დაბრუნების უფლების გარეშე.
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 7 მაისიდან მიმდინარეობს კატარის დედაქალაქ დოჰაში. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
რუსეთში „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების სიმბოლოდ „წმინდა გიორგის ლენტის“ გამოყენება 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყეს. მოგვიანებით, ლენტი იქცა დონბასელი სეპარატისტების და ყირიმის ანექსიის სიმბოლოდაც.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ აღქმული ლენტის გამოყენება არაერთმა ქვეყანამ აკრძალა.