Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინის ომის დამნაშავედ გამოცხადების დრო არ არის


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ამბობს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავედ. 10 მაისს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განიხილონ, რადგან თუ დღეს იტყვი, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინის შეცდომა იყო და ეს არ მოხდებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილიყო. დონალდ ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის ფიქრობს არა გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე, არამედ იმაზე, რომ ხალხი აღარ იხოცებოდეს. ტრამპი ირწმუნება, რომ ომის შეწყვეტა 24 საათში შეუძლია.

მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. მას ოპონენტები ადანაშაულებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში. 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
XS
SM
MD
LG