Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ჟურნალისტი ჰყვება, როგორ უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე


ჟალავდი გერიევი
ჟალავდი გერიევი

6 მაისს, საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოფრენილ ჩეჩენ ჟურნალისტს, ჟალავდი გერიევს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს - ქუთაისის აეროპორტში მიზეზი არ აუხსნიათ. ჟურნალისტი, რომელიც 2016 წელს, ჩეჩენმა ძალოვანებმა გაიტაცეს და აწამეს, შემდეგ კი სამი წლით, გამოგონილი ბრალდებით ციხეში ჩასვეს, ამბობს, რომ საქართველო ახლა ბევრად უფრო ჰგავს რუსეთს, ვიდრე 2019 წელს, როცა უკანასკნელად იყო თბილისში.

- ჟალავდი, ეს საქართველოში შენი პირველი შემოსვლა არ ყოფილა. როგორ გხვდებოდნენ ადრე და როგორ დაგხვდნენ ახლა?

ადრე, როცა საქართველოში შემოვდიოდი, თუნდაც თბილისის აეროპორტში, ყოველთვის ღიმილით მხვდებოდნენ მესაზღვრეები, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში - „გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - ახლა, აეროპორტიც და მისი თანამშრომლებიც ძალიან მაგონებს სტანდარტულ რუსულ აეროპორტს; როცა რუსეთში ჩადიხარ, იქ არავინ გიღიმის, არავინ გესალმება და ყველა ეჭვის თვალით გიყურებს - ასე იყო აქაც, ქუთაისში.

სარეგისტრაციო დახლთან, მესაზღვრე ახალგაზრდა გოგომ დაინახა თუ არა ჩემი პასპორტი, ეგრევე დაუძახა სპეციალურ სამსახურს, პასპორტი ჩამომართვეს და მთხოვეს, გვერდზე დავლოდებოდი. სადღაც რეკავდნენ, მსჯელობდნენ, გადამიღეს ფოტოები, მკითხეს, მქონდა თუ არა სასტუმროს ჯავშანი, რომელიც ვაჩვენე და ასევე წერილი სტომატოლოგიური კლინიკიდან, სადაც ჩავეწერე. ვუთხარი, რომ ნებისმიერ კითხებზე გავცემ პასუხს, მაგრამ არაფერი არ მკითხეს. მანდვე მითხრა იმავე ოფიცერმა, რომ იცოდა, რომ 2014-შიც არ შემომიშვეს, მაგრამ მერე საქართველოში არაერთხელ შემოვედი უპრობლემოდ და მაგასაც ხედავდა. ეს ყველაფერი სიმართლეა, საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი, ბოლოს 2019 წელს. შევდიოდი ხან ზემო ლარსიდან, ხან თბილისიდან და ერთადერთხელ არ შემომიშვეს, ისიც ქუთაისის აეროპორტიდან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მაშინ რატომღაც რუსეთში გამამგზავრეს, და არა უკან ბუდაპეშტში, საიდანაც ჩამოვფრინდი. ახლა, შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი და ისევ ბუდაპეშტში დამაბრუნეს.

მოკლედ, რამდენიმე წუთში კაბინეტში დამიძახეს და მითხრეს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩემს არშეშვებაზე, როცა ვკითხე რა არის მიზეზი, მითხრა “other reason” - ანუ „სხვა მიზეზი“, რომელიც არ განმიმარტეს. იქვე ვერანაირად ვერ გავასაჩივრებდი, ახლა ვამზადებ საჩივარს „უფლებები საქართველოსთან“ ერთად.

ამის მერე დავაზუსტე, კამერა თუ ჰქონდა ჩართული და როცა დამიდასტურა, კიო, ცოტა არ იყოს, უშნოდ მოვიქეცი და საკმაოდ უშვერი სიტყვებით მივმართე მათ, ვინც უარი მითხრა შესვლაზე.

- ელოდი, რომ ასე მოხდებოდა?

რომ არ შემომიშვეს, ძალიანაც არ გამკვირვებია, სიმართლე გითხრა. ვკითხულობდი ახალ ამბებს და ვიცოდი, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად არ უშვებენ ოპოზიციური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და კრემლის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოღვაწეებს. შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, ბიძიებს კრემლში თავი მოაწონოს, რომ რამენაირად რუსული რეჟიმის გული მოიგოს, რომ უთხრან - молодцы, ребята [„ყოჩაღ, ბიჭებო“], არ ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ასე ვგრძნობ.

ვიცნობ რამდენიმე მოსკოველ ჟურნალისტს რომელიც არ შეუშვეს, ვიცნობ ადამიანებს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ თვეობით, რაღაც საქმეებზე წავიდნენ და უკან არ შემოუშვეს.

- რუსეთი რატომ დატოვე?

2014 წლიდან ვმუშაობ ჟურნალისტიკაში, მაშინ გამოცემა “Кавказский Узел”-ის თანამშრომელი ვიყავი. 2016-ში გამიტაცეს, წამიყვანეს ტყეში, არ ვიცი, მაშინებდნენ თუ მართლა მოკვლას მიპირებდნენ, მაგრამ ლულას მადებდნენ შუბლზე, თავზე პარკი ჩამომაცვეს რამდენჯერმე. მერე პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს და პლასტმასის მილით მცემეს, და ამის მერე ყველა საბუთს მოვაწერე ხელი, რაც წინ დამიდეს, რადგან სულაც არ იყო სასიამოვნო წამება. დაწერეს, რომ ნარკოტიკი მიპოვეს, რაც ცხადია, არასდროს მომხდარა. სამი წლით ჩამსვეს და 2019 წელს გამოვედი. ამის მერე ძალიან მალე ჩამოვედი საქართველოში და ხუთი თვე ისე ვიცხოვრე, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

ახალი ამბების მიხედვით ვხედავ, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლება. რა თქმა უნდა, მიჭირს კრიტიკა, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ ამ ამბებს ქართველი ჟურნალისტებისგანაც ვიგებ. შეგრძნება ისეთი მაქვს, რომ საქართველო ძალიან დაუახლოვდა რუსეთს და ზოგიერთი რუსული რეალობა საქართველოშიც ჰპოვებს ადგილს.

- ქუთაისში შემოსვლაზე პრობლემები მხოლოდ შენ შეგექმნა?

იმ თვითმფრინავში, რომლითაც მე ჩამოვედი, ძალიან ბევრი სლავური გარეგნობის ადამიანი იყო, მაგრამ მათ უპრობლემოდ ატარებდნენ, ამოწმებდნენ უკრაინელ კაცებს, ისინიც ცალკე გაჰყავდათ. როგორც ჩანს, მეც, როგორც ჩრდილოკავკასიელი, სახელმწიფოსთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენ. ალბათ, რაღაც დროის განმავლობაში აღარ შევეცდები შემოსვლას და ვეცდები გავარკვიო, რაიმე განმარტებას მომცემენ თუ არა.

- საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად ხედავ?

ეს არის პირველყოფილი არაპროფესიონალიზმი იმ ადამიანებისა, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ. მე ხომ არავითარ საფრთხეს არ წარმოვადგენ, მაქვს ყველა საბუთი, ჩამოვდივარ ევროპიდან, რომ ჩემი ფული ამ ქვეყანაში დავხარჯო, ვიმოგზაურო, ოდნავ უფრო წარმატებული გავხადო საშუალოსტატისტიკური ქართველი მეწარმის ბიზნესი და ხელი შევუწყო. ლონდონში ბინადრობის მოწმობა მაქვს. მოვდიოდი შვებულებაში, მინდოდა მენახა მეგობრები და დედაჩემი, რომელიც ასევე საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას.

არ ვფიქრობ, რომ პერსონალურად ჩემშია პრობლემა, საქმე ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები ძალიან უცნაურ, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას იჩენენ. თუ დავაკვირდებით ადამიანებს, რომლებსაც არ უშვებენ, თითქმის ყველას აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემები. მაგრამ ეს პრობლემა არ ექმნება კომუნისტ გავრილოვს, არ ექმნება პროპაგანდისტ პოზნერს, ადამიანებს, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარის კათედრაზე ეპატიჟებიან.

ჟალავდი გერიევი არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ დახმარებით ადმინისტრაციულ საჩივარს ამზადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG