Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ჩხეიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" მხარი დაუჭირა ოპოზიციისთვის სასურველ კანდიდატს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში


ნატო ჩხეიძე, პარლამენტის დეპუტატი
ნატო ჩხეიძე, პარლამენტის დეპუტატი

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", 17 მაისს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მხარი "ნაციონალური მოძრაობის" სასურველ კანდიდატსაც დაუჭირა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დასანიშნად. დეპუტატი იხსენებს, რომ გუშინ, კენჭისყრის დაწყებამდე, ამ პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საერთო "ჩატში" დაწერა ხუთი სახელი და გვარი, რომლებსაც ოპოზიცია უჭერდა მხარს, მათგან ერთს საპარლამენტო უმრავლესობამ ხმა მისცა.

"თქვეს, რომ „ჩატში“ ჩაწერილი იყო ოთხი გვარი: სალაძე, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია. ეს ოთხი გვარი ჩამოთვალეს და თან თქვეს, რომ „ჩატში“ ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი. მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ „ჩატში“ იყო კიდევ მეხუთე გვარი – ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ, დიდად პირობის შემსრულებელი არ არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე", - თქვა ნატო ჩხეიძემ.

17 მაისის კენჭისყრაზე ოთხ კანდიდატს 90 ხმის მისაღებად რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა (რუსუდან კვინიკაძე - 89 მომხრე; გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე; ლევან ნემსაძე - 88 მომხრე; ნინო ნიშნიანიძე - 87 მომხრე). მათი კანდიდატურების კენჭისყრისას ოპოზიციის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად დარბაზიდან იყო გასული.

ნატო ჩხეიძე ეჭვობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესში კანდიდატები შეთანხმებული იყო:

"როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული... შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა „ჩატში“ 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 კანდიდატი იყო და რატომ არ თქვა ნიშნიანიძე?!"

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა "ნაციონალური მოძრაობის" ის დეპუტატი, რომელიც მათ კანდიდატების ამ პირობით არჩევას სთავაზობდა.

"ნაცმოძრაობიდან" კონკრეტულ დეპუტატს, მათ ერთ-ერთ ლიდერს, ჰქონდა შემოთავაზება ფორმულაზე 4/1, რომელიც აჩვენებს დამოკიდებულებას... როცა შენ ვიღაცას სთავაზობ ფორმულას 4/1-ზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა", - თქვა კობახიძემ.

დეპუტატი ბეჟაშვილი "ფორმულასთან" საუბრში ადასტურებს, რომ ნიშნიანიძის გვარი ნამდვილად იყო მათთვის მოსაწონი კანდიდატების ჩამონათვალში. მან ასევე დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან იყო საუბარი ოპოზიციისა და მათ მიერ დასასახელებელი კანდიდატების შესახებაც.

"როდესაც ვერ მოხდა კონკრეტულ ადამიანებზე შეთანხმება, იყო საუბარი, რომ ორი ოპოზიციის წარდგინებით მომხდარიყო... მთავარი პრინციპები ამ კანდიდატურების წარმოდგენის უნდა ყოფილიყო, რომ ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ღირსეულები, ობიექტურები, პროფესიონალები და არა ისე, რომ ოპოზიციას ორი უნდა ვიღაც ნათესავი, მეგობარი ან ახლობელი და ხელისუფლებას უნდა ვიღაც თავისიანის დანიშვნა", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უთანხმოება გუშინ, 17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში დაიწყო, როცა აღმოაჩინეს, რომ მათი ნაწილი ხმას აძლევდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის სასურველ კანდიდატებს.

რამდენიმე საათში გაირკვა, რომ კენჭისყრის დროს კანდიდატების დანიშვნას ემხრობოდა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით პარლამენტში შესული რამდენიმე დეპუტატი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე). ამის გამო ამ დეპუტატებს ფრაქცია დაატოვებინეს.

მოგვიანებით ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ მათ კოლეგებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი ოთხი კანდიდატისთვის (ლიკა საჯაია, კახა წიქარიშვილი, სულხან სალაძე და ლია მუხაშავრია) უნდა დაეჭირათ მხარი. ბეჟაშვილს არ დაუსახელებია ნინო ნიშნიანიძე, რის შესახებაც მედიასთან ისაუბრა ნატო ჩხეიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა, ხუთ არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს კი - საქართველოს პრეზიდენტი.

თითქმის ორი წელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰყავდა პარლამენტის მიერ ასარჩევი არამოსამართლე წევრები. პარლამენტმა კანდიდატების დანიშვნაზე კენჭისყრა გუშინ, 17 მაისს, დაიწყო. კონკურსში 31 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, შესაბამისად, კენჭი უყარეს 29 კონკურსანტს.

ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ სამმა კანდიდატმა (ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი) მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავდა, ამიტომ კანდიდატების დასამტკიცებლად ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათი რიგებიდან დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას კანდიდატების დამტკიცებაში ეხმარებოდა, სხდომათა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

XS
SM
MD
LG