უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე წუხანდელი თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის თანახმად, დარტყმები განხორციელდა სამხედრო და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ კასპიის და აზოვის ზღვების რაიონებიდან და კურსკის ოლქიდან, ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებიდან ისროლა 9 ფრთოსანი რაკეტა, ოკუპირებული ყირიმიდან - 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და ასევე, 5 საზენიტო-მართვადი რაკეტა - ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ქალაქ დნიპროსა და დნიპროს რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობები, საწარმო, 3 კერძო და 9 მრავალსართულიანი სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია და ათეულობით ავტომანქანა.
უკრაინაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა რუსეთის თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. ღამის 3 საათისთვის, განგაში კიევიდან დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში მოიცვა უკრაინის ყველა ოლქი. რაკეტებით და დრონებით თავდასხმის ძირითადი სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი დნიპრო.