Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალი გზა სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ” და “ტანგო ორისთვის” - რას და როგორ განიხილავენ აბაშიძე და კარასინი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან 1 თებერვალს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს.

ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან რამდენიმე თვის წინ საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხებს განიხილავდა. ამ სატელეფონო მოლაპარაკების შინაარსისა და შედეგების შესახებ არც ჩანაწერის გავრცელებამდე, არც მის შემდეგ ოფიციალური საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ „არაფორმალური ოლიგარქი რუსულ პოლიტიკას ატარებს“.

ღიად რჩება კითხვები იმის შესახებ, არსებობს თუ არა რუსეთ-საქართველის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტი, „სამხრეთ ოსეთის მარცხნივ“.

“სასკანდალო რა არის” - რა (ვერ) გავიგეთ გავრცელებული ჩანაწერიდან?

ჩანაწერის გავრცელებას წინ უძღოდა განახლებული საუბრები საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო და საზღვაო კავშირების და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. საუბრების ინიციატორი მოსკოვი იყო.

პირველ თებერვალს ასევე გავრცელდა გრიგორი კარასინის განცხადება, რომ მართალია, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიაფრენების აღდგენაზე, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“. რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ როცა მეორე მხარეს ეჭვი ეპარება, „ძალდატანება საჭირო არ არის“.

იმავე საღამოს, იუტუბარხ Cyber Kmara-ზე აიტვირთა სატელეფონო ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა და თქვა, რომ ეს საუბარი 2022 წლის 20 ან 21 ივნისს შედგა. ამ დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების გამო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხალხმრავლობა იყო და შეფერხებით გადაადგილდებოდნენ სატვირთო ტრაილერებიც.

ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 2022 წლის სექტემბერში. რუსეთის მოქალაქეები ფეხით კვეთენ საზღვარს
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 2022 წლის სექტემბერში. რუსეთის მოქალაქეები ფეხით კვეთენ საზღვარს

„პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა“, - ეუბნება გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს და აზუსტებს, რომ ზუსტად არ იცის, რა ტერიტორიაზე უნდა გაიაროს ამ გზამ, მაგრამ ახსოვს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, რომელთანაც „დეტალური საუბარი“ ჰქონდა, ეს დერეფანი ახსენა, რომელიც შესაძლოა „სამხრეთ ოსეთის მარცხნივ“ იყოს.

ამ დრომდე ცნობილია რუსეთთან დამაკავშირებელი ორი გზის პროექტი: ერთი, გუდაური-კობის ახალი მაგისტრალი, რომელსაც ამავე საუბარში აბაშიძე დეტალურად აღუწერს რუს დიპლომატს, და მეორე - ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-ყალესა და შატილის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა, გასული საუკუნის 90-იანი წლების ნახევრად განხორციელებული გეგმა, რომლის შესახებ ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი. ამ გზის გახსნის შესაძლებლობა 2018 წელს ზურაბ აბაშიძემ უარყო, 2022 წლის ოქტომბერში კი - საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ. 2022 წლის ზაფხულის შემდეგ ამ გზაზე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) კონტროლი შეარბილა და შესაძლებელი გახდა საზღვართან ახლოს მყოფი ისტორიული ობიექტების მონახულება შეთანხმების გარეშე.

გროზნო-შატოი-იტუმ-ყალე-შატილის 66-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობა გათვალისწინებული იყო ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, სადაც მისი დასრულების თარიღად 2025 წელი იყო მითითებული.
გროზნო-შატოი-იტუმ-ყალე-შატილის 66-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობა გათვალისწინებული იყო ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, სადაც მისი დასრულების თარიღად 2025 წელი იყო მითითებული.

არც ლარსისკენ მიმავალი გზა და არც შატილის გზა არ ემთხვევა იმ ტერიტორიას, რასაც კარასინი ასახელებს - „სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ“.

რუკაზე ცხინვალის რეგიონიდან მარჯვნივ რაჭის რეგიონია და, შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა საუბარი იყოს რაჭის ტერიტორიაზე - მამისონის უღელტეხილზე. რაჭაში საკმაოდ დიდი ტერიტორია მართვის უფლებით გასულ წელს რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.

ამავე დროს, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარში, როცა აბაშიძე კობი-გუდაურის გზას ახსენებს, რუსი დიპლომატი ვარაუდობს, რომ სატრანსპორტო სამინისტროს მაღალჩინოსნებს შესაძლოა ეს გზა ჰქონდათ მხედველობაში, შემდეგ კი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება: „საქმე ის არის, რომ ისინი მზად არიან, ჩვენს მხარეს ააშენონ საკმაოდ ვრცელი მისასვლელი სისტემა“. აქვე კარასინი გამოთქვამს კმაყოფილებას საქართველოს რუსეთთან წარმატებული თანამშრომლობის გამო. აბაშიძე თავის მხრივ პასუხობს, რომ ამ საკითხით ქართულ ბიზნესთან ერთად დაინტერესებულია სომხეთიც, რომელიც ლარსზე გამავალ გზას სატვირთო გადაზიდვებისთვის იყენებს.

„ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. აჩვენეს [პრობლემების] გადაწყვეტის მიმართ ორმხრივი დაინტერესება, ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. მეტიც, მათ სურთ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ“, - ეუბნება კარასინი აბაშიძეს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარში ამბობს, რომ ვერ ხვდება, „რა არის [ამ ჩანაწერში] სასკანდალო“.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. ეს ფორმატი სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამსჯელოდ შეიქმნა. კომუნიკაციის ეს ფორმა გულისხმობს სატელეფონო ზარებს და ევროპის ქალაქებში შეხვედრებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უფრო მარტივ პარალელურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც კითხვები არაერთხელ დასმულა. 2020 წელს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ აბაშიძე-კარასინის ფორმატს „ეროვნული ინტერესების დაზიანების ინსტრუმენტი“ უწოდა.

ამ ფორმატში ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო პრაღაში, არ გამართულა იმის გამო, რომ ის ზურაბ აბაშიძემ „მიზანშეწონილად“ არ მიიჩნია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. თუმცა 2022 წლის გაზაფხულზე, როცა აქტიურად განიხილებოდა ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, კარასინმა თქვა, რომ ამ საკითხზე „ქართველ პარტნიორებთან“ ჰქონდა საუბარი და განმარტა, რომ ზურაბ აბაძიძესთან ტელეფონით, ვიდეოკონფერენს-კავშირით საკმაოდ ხშირად ჰქონდა ურთიერთობა. მაშინ აბაშიძემაც დაადასტურა კარასინთან სატელეფონო საუბრის ფაქტი, თუმცა გაურკვეველი დარჩა, რა სიხშირით და რა თემებზე საუბრობდნენ მხარეები.

დიდი სურათი - რატომ არის მნიშვნელოვანი რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე?

„ვფიქრობ, ბევრი ქართველი არ არის დაინტერესებული რუსეთთან დაახლოებით ამწუთას, როდესაც რუსეთი აგრძელებს თქვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, როდესაც რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს სამოქალაქო [ინფრასტრუქტურაზე], სკოლებზე, საავადმყოფოებზე, ქალაქებზე უკრაინაში, ცდილობს უკრაინას სუვერენიტეტი, ტერიტორიები და იდენტობა წაართვას, საქართველოს მსგავსად. ვფიქრობ, ახლა არ არის დრო, როდესაც ქართველები რუსეთთან დაახლოებას ცდილობენ“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, გავრცელებულ ჩანაწერზე ჟურნალისტების დასმულ კითხვას 2 თებერვალს თელავში.

ჩანაწერის შემდეგ ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარება მოითხოვა პარტია „ლელომ“, „დროას“, „გირჩისა“ და „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერებმა კი ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ამ ფორმატში კომუნიკაცია საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის.

„ჩვენს უკან თურმე არსებობს ფორმატები, რომელი ფორმატებითაც რუსეთის ფედერაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს „ქართული ოცნება“. თურმე არსებობს ფორმატი და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამის შესახებ, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელაპარაკება საქართველოს მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არავის არ გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ. უფრო მეტიც, რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელ ფორმატსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს სატრანსპორტო ხაზები, ეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, ეს ფარული საუბრები, დიდი ალბათობით, გამოიყენება მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხების თუ ახალი მექანიზმების გახსნისათვის. და რაც ყველაზე ცუდია, „ქართულ ოცნებას“ ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან“, - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ევტუშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ, მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენ ოკუპაციაზე, არა ჩვენ უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც სჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი ინტერესების შესახებ. ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას“, - ასე შეაფასა ელენე ხოშტარიამ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი.

გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ჩანაწერის ბოლო ნაწილზე, სადაც აბაშიძე სთხოვს კარასინს, ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელოს.

„რაც არის პრობლემა, არის ის, რომ არ ვიცით, რაზე არის ეს მოლაპარაკებები, მათ შორის ამ საუბარშიც ჩანს, რომ თანხმდებიან იმაზე, რომ მოდი ნუ გავასაჯაროებთ რაზე ვლაპარაკობთო. კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის, რომ შევეჩვიეთ, თითქოს, ეს არის ნორმალური ამბავი, როცა ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის, რაზე, ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერიც Cyber Kmara-ს არხზეა ატვირთული.

ოპოზიციისგან განსხვავებით, გავრცელებული ჩანაწერის შინაარსს პრობლემურად არ მიიჩნევენ მმართველ პარტიაში.

„არ ვფიქრობ, რომ საფუძვლიანია თუნდაც სკეპტიციზმი ან კრიტიკული დამოკიდებულება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ის აჟიოტაჟი, რომელსაც ისინი ქმნიან ხელოვნურად. საქართველოს აქვს ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომელსაც მუდმივად აფიქსირებს და მე არ მგონია, ამ კუთხით ვინმეს ჰქონდეს საფუძველი საფრთხეებზე სასაუბროდ“, - უთხრა მედიას დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად.

„მე მესმის, რომ პოლიტიკურად ეს წინააღმდეგობებში მოდის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ“, - ეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2012 წელს გაკეთებული განცხადებაა იმ დღეს, როცა თავის წარმომადგენლად რუსეთთან მოლაპარაკებებში ზურაბ აბაშიძე დანიშნა. მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის შემდეგი ეტაპი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეიძლება ყოფილიყო.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე, სამართლიან გადაწყვეტილებებზე, ასევე ერთობლივი საფრთხეების და გამოწვევების წინააღმდეგ შესაძლო კოორდინირებულ ქმედებაზე. ამ მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპებს“, - ამბობდა მაშინ ზურაბ აბაშიძე.

XS
SM
MD
LG