Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი რუსეთის მოქალაქეების მხრიდან თანხების გადინების რისკს ხედავს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ახალ რეგულაციას უწესებს. 1 სექტემბრიდან მათი ვალდებულებაა, "ლიკვიდურ აქტივებში" განათავსონ საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან მიღებული თანხის არანაკლებ 80 პროცენტი.

„ლიკვიდური აქტივებია“ ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სწრაფად გარდაქმნის შესაძლებლობა;

"არარეზიდენტია" სხვა ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა.

ეროვნული ბანკი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ განმარტებაში ახალი რეგულაციის შემოღებას ხსნის რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მხრიდან უცხოურ ვალუტაში თანხის განთავსებით გამოწვეული რისკებით.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიგრანტებისგან მიღებულ შემოდინებას სები აფასებს როგორც დროებით მოვლენას, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე ეს თანხები შეიძლება უკან გაედინოს. სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთბაშად და იქნება უფრო გრძელვადიან პერიოდზე გადანაწილებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ესეთი შემთხვევისთვის საბანკო სექტორი იყოს მუდმივად მზად", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყებაში დასძენენ, რომ ეს რეგულაცია საჭიროა, რათა არარეზიდენტების გადინების შემთხვევაში ლიკვიდურობას პრობლემა არ შეექმნას.

15 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ (მარტამდე) რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

რუსეთიდან დეკემბერში გადმოგზავნილი თანხა წლების მიხედვით:

  • 2022 წლის დეკემბერი - $317,31 მლნ;
  • 2021 წლის დეკემბერი - $39,7 მლნ;
  • 2020 წლის დეკემბერი - $40,71 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი - $43,82 მლნ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული. გარდა ამისა, მაისიდან აღდგა წლების წინ გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლა.

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ანგარიშებზე 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით განთავსებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 2,4 მილიარდ ლარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG