Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოლქების გუბერნატორები დრონებით შეტევების და სროლის შესახებ იუწყებიან


ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინო. 2023 წლის 1 ივნისი
ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინო. 2023 წლის 1 ივნისი

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევების და სროლის შესახებ ტელეგრამ-არხებით იუწყებიან რუსეთის სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორები. ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებს დაემატა ბელარუსთან მოსაზღვრე სმოლენსკის ოლქიც. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, ღამის 3 საათისთვის დრონებით დარტყმა იყო სმოლენსკის ოლქის ორი სოფლის „სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე“. ანოხინის თანახმად, მსხვერპლი არ არის.

სმოლენსკის მეზობელი ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიიდან დაიცხრილა ორი სოფელი, დაიწვა 1 სახლი, მსხვერპლი არ არის. რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება.

რუსეთის კიდევ ერთი ოლქის, უკრაინის სუმის რეგიონთან მოსაზღვრე კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი. „შედარებით მშვიდი ღამის“ შესახებ წერს კურსკის მეზობელი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. ამასთან, მისი ინფორმაციით, ღამის 2 საათისთვის უკრაინის ტერიტორიიდან ისევ სროლა იყო.

უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა რუსეთის მიერ გავრცელებულ ამ ცნობებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

უკრაინის მხარდამჭერმა დაჯგუფებამ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" 1 ივნისს, დილით გამოაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, დაიწყეს ოპერაციის მეორე ფაზა. რუსეთის ამ რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება იყო მაისშიც.

1 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ აღკვეთეს ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტის ახალი მცდელობა“ და გაანადგურეს 30-ზე მეტი „უკრაინელი ტერორისტი“, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.

XS
SM
MD
LG