უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 4 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 14 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 51-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობა წინა დღეების მსგავსად აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ამ ოლქებში 29 შეტაკება მოხდა.
უკრაინის გენერალური შტაბი არაფერს ამბობს კონტრშეტევაზე, რის შესახებაც წუხელ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 რადიოელექტრონული სადგური და საბრძოლო მასალების 4 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.