Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ: უკრაინული კონტრშეტევის მოგერიებისას 71 რუსი სამხედრო დაიღუპა


სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადების თანახმად, რუსეთმა შეძლო უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის მცდელობის აღკვეთა სამი დღის განმავლობაში ფრონტის რამდენიმე მიმართულებიდან.

შოიგუმ დაასახელა კონტრშეტევის მოგერიებისას დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ არ გამოუქვეყნებია ფრონტზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. მაშინ რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.

„სამწუხაროდ, დანაკარგების გარეშე ვერ გამოვედით. სულ მოწინააღმდეგის მოსალოდნელი იერიშის მოგერიებისას დაიღუპა 71 სამხედრო მოსამსახურე, 210 დაიჭრა“, - განაცხადა შოიგუმ.

ივნისის დასაწყისისთვის, BBC-მ „Медиазона-სთან" და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად მოახერხა უკრაინის ომში დაღუპული 25 050 რუსი სამხედრო მოსამსახურის იდენტიფიცირება.

უკრაინულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ომის პირობებში ინფორმაციის სიზუსტის დროული გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს კონტრშეტევის დაწყების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების შესახებ არც სხვა წყაროები იუწყებიან.

ბოლო თვეებში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევაზე გადასვლას გაზაფხულზე გეგმავდნენ.

გამოსვლისას შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კონსტრუქციები ააფეთქეს. მან მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მისი თქმით, აფეთქება განხორციელდა "ფრონტის ამ სექტორზე რუსული არმიის შეტევითი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით“. მანამდე ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი რამდენიმეთვიანი სროლის შედეგად ჩამოინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე გამოსვლისას (რომელიც აერთიანებს ნატოს წევრ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს) კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანაღმვასა და აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა.

მანამდე კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი.

XS
SM
MD
LG