Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წილი და რისკები საქართველოს ბიუჯეტში - როგორი იქნებოდა ზრდა რუსეთის გარეშე?


2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, შემდეგ ორჯერ გადაიხედა და ბოლო ცვლილებით - საპროგნოზო მაჩვენებელი 10.0%-მდე გაიზარდა. ფოტოილუსტრაცია
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, შემდეგ ორჯერ გადაიხედა და ბოლო ცვლილებით - საპროგნოზო მაჩვენებელი 10.0%-მდე გაიზარდა. ფოტოილუსტრაცია

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამთავრობო ანგარიშის ცენტრალურ საკითხი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ქართული ეკონომიკა, მნიშვნელოვანწილად, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან მომატებული შემოსულობებით გაიზარდა.  

ფინანსთა სამინისტროს გათვლით, დღეს რომ რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესოს, საქართველოს ეკონომიკას „კატასტროფული“ არაფერი ემუქრება. თუმცა, პარალელურად, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილის პასუხად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

ოპოზიცია ინტერესდება - რამდენად აქვს ფინანსთა სამინისტროს გააზრებული - რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების რისკები და რა გზებით ხდება ამ რისკების პრევენცია ან მართვა მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეები მასობრივად სახლდებიან საქართველოში.

გაზრდილი მაჩვენებლები

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სულ თავიდან, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, შემდეგ ორჯერ გადაიხედა და ბოლო ცვლილებით - საპროგნოზო მაჩვენებელი 10.0%-მდე გაიზარდა. თუმცა, საბოლოოდ, შარშანდელი წელი 10.1%-იანი ზრდით დასრულდა.

2022 წელს ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსავლებმა თითქმის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც კორექტირების შემდეგ დაგეგმილს 0.6%-ით აღემატება. ხარჯების ნაწილი კი 15.4 მლრდ ლარს შეადგენს. სრულად, ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი) მოცულობა 20 მილიარდ ლარზე მეტია.

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვის თანახმად:

  • საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 61.1%-იან ზრდას აჩვენებს [პირველი სამეული - გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და აშშ];
  • 2022 წელს 98.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 4 მილიარდ დოლარს ასცდა. მათ შორის ნახევარი, 531.5%-იანი ზრდით - რუსეთიდან (2 026.6 მლნ დოლარი);
  • 188.5%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი (5.4 მლნ ადამიანი) - ძირითადად რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან [შსს-ის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში 40.1%-ით ლიდერობს რუსეთი, თითქმის 1.5-მილიონიანი მაჩვენებლით];
  • 182.5%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი (3 516.6 მლნ დოლარი);
  • 33.2 %-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა (19 109.6 მილიონი დოლარი). 31.8%-ით გაიზარდა ექსპორტი - 5 592.8 მლნ დოლარამდე; ხოლო 33.8%-ით გაიზარდა იმპორტი - 13 516.9 მლნ დოლარამდე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 924.1 მლნ დოლარი შეადგინა.
ბიუჯეტის შესრულების სამთავრობო ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რუსეთში დაწესებული კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში მოხვდა აგრეთვე ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან“.

რუსეთთან ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

საქართველოს ორნიშნა ეკონომიკურ წინსვლას, რომელსაც ხშირად და სიამაყით ახსენებს მთავრობა, ექსპერტები და პოლიტიკური ოპონენტები აქტიურად უკავშირებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მაღალ მიგრაციასა და ასევე - თანხისა თუ ბიზნესის საქართველოში გადმოტანას, უკრაინაში ომის დაწყების (2022 წლის 24 თებერვალი) შემდეგ.

კატასტროფული იქნება თუ არა შედეგი?

6 ივნისს, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენდა, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჰკითხა - „დათვლილია თუ არა რისკები იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი გაიმეორებს იგივეს, რაც მოხდა 2006 წელს [ემბარგოს დაწესება] ... და დაიკარგება რუსული ბაზარი?"

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ემბარგო არის ზიანის მომტანი და მათ შორის რუსეთის [ემბარგო]. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, მაინც საკმაოდ დიდი წილი უჭირავს“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ და განმარტა, რომ „ექსპორტის 10%-იანი [რუსეთის წილის] შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკას და შეიძლება 2-3%-ის ფარგლებში იყოს შემცირება პოტენციური ეკონომიკური ზრდიდან“; თუმცა, ასევე მისი თქმით - „რუსეთზე დამოკიდებულება არ არის იმ მოცულობით, რომ რაღაც კატასტროფაში გადაიყვანს [საქართველოს]“.

„ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დათვალა... და ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა 8%-ის ფარგლებში ზრდა გასულ წელს, საერთოდ რომ გამოვრიცხოთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა, რაც გვაქვს და რუსეთიდან შემოსული ტურისტების თემაც“, - ესეც გიორგი კაკაურიძის სიტყვებია.

მაგრამ ასე არ ფიქრობს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში, ის სწორედ კატასტროფას მოელის.

„რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ეკონომიკა, პირველ წელს, დაკარგავდა მინიმუმ 10%-ს, ანუ ეკონომიკის ვარდნა გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი და შეიძლებოდა ყოფილიყო, პესიმისტური სცენარის პირობებში, მინუს 18%... რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს - 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. საუბარია კატასტროფულ შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გასულ კვირაში, პარლამენტის სხდომაზე, როდესაც რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ეკონომიკის მინისტრისთვის გადაცემული დემარში გააპროტესტა.

„ოცნება“ ამ დემარშს რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან აიგივებს.

ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს; მისი მოწოდებაა, რომ საქართველომ არ დაუშვას რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლა და ასევე - არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძალისხმევას - იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, უკრაინაში წარმოებული სასტიკი ომის გამო. ამ კუთხით ევროკავშირისთვის მიუღებელია პირდაპირი ფრენის განახლება საქართველოსა და რუსეთს შორის.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ 6 ივნისს სხდომაზე თქვა, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რისკები დათვლილია და ერთ-ერთ ასეთ რისკს წარმოადგენს - „რუსეთიდან გადმორიცხული კაპიტალის უცაბედი გადინება საქართველოს ბანკებიდან“.

თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ „რუსეთს ასე უცბად საერთაშორისო სანქციებს არ მოუხსნიან“, მაგრამ საფინანსო სექტორს, ასეთ შემთხვევაში - დააზღვევს ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებში განთავსებული ფულის ნაწილის დარეზერვებას შეეხება. რისკების დაზღვევის კიდევ ერთ გზად კაკაურიძე - ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის უფრო ფართოდ გასვლას ასახელებს; თუმცა, მისი აზრით - ეს სწრაფად ვერ ხდება, მაღალ სტანდარტებთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო.

„არ მეგულება ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდა არ სურდეს და მეც მათ რიცხვში ვარ პირადად; მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თუნდაც 1 ან 2 ან 3 პროცენტით იყოს დამოკიდებული რუსეთის მხრიდან შემოდენილ კაპიტალზე“, - მიმართა გიორგი კაკაურიძეს ხატია დეკანოიძემ და რუსეთის მოქალაქეების მიერ შესყიდული მიწისა და საცხოვრებელი ბინების სტატისტიკა შეახსენა: 424 000 კვადრატული მეტრი მიწა და 10 000-ზე მეტი ბინა.

აპრილში გავრცელდა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2022 წელს საქართველოში უცხოეთის ქვეყნების თითქმის 11 ათასმა მოქალაქემ 15 ათასი ბინა იყიდა. აქედან ყველაზე მეტი - 6062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. აპრილში გავრცელებულ ინფორმაციაში დიფერენცირებული არ არის - თუ რამდენია მყიდველთაგან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ეთანხმება დეპუტატს, რომ „ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული“ და „ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია უკეთესია“, მაგრამ ასევე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინების ყიდვა „ეკონომიკისთვის რისკს არ ქმნის“.

ინფლაციაზე, პროგნოზზე

2022 წელს, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ადამიანების ცხოვრებაზე უკეთესობისკენ არ ასახულა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთანაც ხშირად მსჯელობდნენ ექსპერტები, რომლებიც ძირითად მიზეზად ასევე ორნიშნა ინფლაციას ასახელებდნენ. გაზრდილ ფასებს დღემდე ბევრი უჩივის და ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება.

2022 წელს ინფლაცია 11.9%-ს გაუტოლდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 5 წლის განმავლობაში. 2021 წელს - ეს მაჩვენებელი - 9.6%-ს, 2020 წელს - 5.2%, 2019 წელს - 4.9%-ს, ხოლო 2018 წელს 2.6%-ს შეადგენდა.

2022 წლის ბიუჯეტში მიზნობრივი ინფლაცია 4.5%-ით იყო განსაზღვრული.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ იანვარში ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა და შემდეგ დაიწყო კლება.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ფასები ასე გაიზარდა:

ექსპერტების ერთი ნაწილი ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს კვლავ რუსეთის მოქალაქეების ჭარბ შემოდინებას უკავშირებდა, როცა ნახტომისებურად გაიზარდა უძრავი ქონების ფასები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ქირის საფასურიც.

ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელმა მაისში 1.5% შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი წელს 2.8% იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტენდენცია 6-თვიან პერიოდში უფრო კარგად გამოიკვეთება; თუმცა ამ ეტაპზე, მათი პროგნოზით, როგორც კაკაურიძე აღნიშნავს - 5.4%-იან ზრდას მოელიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.2% იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG