თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს განცხადებით მიმართავენ, რომელშიც წერენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აკადემიის დამოუკიდებლობას.
სტუდენტების განცხადება ახალშექმნილ ფეისბუკგვერდზე ["აკადემიის სტუდენტები რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტისთვის"] გამოქვეყნდა.
"კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას - ჩვენთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის უხეში და უმიზეზო ჩარევები საგანმანათლებლო პროცესში", - წერია განცხადებაში, რომელშიც სტუდენტები ჰყვებიან, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან, აკადემიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში კულტურის სამინისტრო "უსაფუძვლოდ ერევა და აზიანებს" ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების შემსწავლელ ფაკულტეტებს, კონკრეტულად ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამას.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პრინციპულად ეწინააღმდეგებიან შემდეგ ცვლილებებს:
- "რესტავრაციის სტუდენტების თაბუკაშვილის სახელოსნოდან უმიზეზო გამოყრა, სასწავლო სემსტრის შუაგულში (2022, მაისი) და შესაბამისი სამუშაო პირობების გარეშე, გაუმართავ შენობაში გადაყვანა
- ხელოვნების ისტორიის მისაღები ადგილების ოციდან ხუთ კაცამდე ჩამოყვანა;
- ფაკულტეტის დაშლის პირდაპირი მცდელობა - რესტავრატორების სახვით ფაკულტეტთან მიერთებით ან ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებით;
- ახალი პროგრამის ფარგლებში რესტავრაციის სტუდენტებისთვის კრედიტების უარყოფა და იძულებითი სემესტრის დამატება;
- რესტავრაციის სტუდენტებისთვის თეორიული საგნების გაუქმება".
მათივე თქმით, ახალი პროგრამა არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული, არამედ "გზადაგზა მიღებული ერთი მეორეზე უარესი გადაწყვეტილებების ნაზავია". ამის მაგალითად სტუდენტებს მოჰყავთ 2023 წლის შემოქმედებითი ტურის გამო სასწავლო პროცესის ორი კვირით შეწყვეტა და ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე ტურის ხანგრძლივობა კვირას არ სცდებოდა.
"საინტერესოა თუ რატომ არის მართებული სტუდენტების სემესტრის და შემდგომ გამოცდების ორი კვირით გადადება, როდესაც შეიძლება შემოქმედებითი ტური სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაინიშნოს? რატომ არის პრიორიტეტი აბიტურიენტების მიღება და არა უკვე ჩარიცხული სტუდენტების ბედი, რომელებსაც უმეტესობასაც ამის გამო დამატებითი შრომა და მაღალ ბინის ქირებთან გამკლავება უწევთ?" - აცხადებენ სტუდენტები და მათ მიერ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის გამოსწორებას მოითხოვენ.
სტუდენტების ეს განცხადება პირველი საჯარო კრიტიკაა რექტორ ყარამან ქუთათელაძის არჩევის შემდეგ. სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე ფესტივალ "Fest i Nova-ს" დამფუძნებელი 2022 წლის ნოემბერში აირჩეს. ის რექტორის კანდიდატურაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
იმავე თვეში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აკადემიის რეფორმაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს არის პირველი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც სამინისტროსგან რეფორმის გასატარებლად მიიღო დაფინანსება.
"მარტივად რომ ვთქვა, სამხატვრო აკადემიაში რეფორმა უნდა მოემსახუროს იმას, რომ სტუდენტი იყოს კმაყოფილი მიღებული განათლების ხარისხით და ქვეყანას არ გაუჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა გელათი.
გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე და აღარ აწარმოებდა იმ კადრებს, რომელსაც უნდა მიეხედა ძეგლისთვის. მათ დადეს დოკუმენტი, სტრატეგია, რომლითაც ისინი შექმნიან ახალ ფაკულტეტს, გაზრდიან ხელფასებს, მოიწვევენ იმ კადრებს, ვინც საკუთარ თავზე კი არ ზრუნავს, არამედ სტუდენტზე, გაგვიჩნდა საფუძველი, მათ ეს რეფორმა დავუფინანსოთ. გვინდა, მეორე უნივერსიტეტი იყოთ თქვენ", - თქვა კულტურის მინისტრმა.