გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა ფეისბუქში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს და მუშაობას გააგრძელებს ჯანდაცვის სფეროში, სადაც მერად არჩევამდე მუშაობდა.
"ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად", - დაწერა ზურაბ უტიაშვილმა.
ის საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში არაფერს ამბობს გადადგომის მიზეზებზე. მან არ უპასუხა არც რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს.
ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის მერად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მისი გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას შეასრულებს მისი მოადგილე, ლერი გელენავა.