Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი მოსკოვისგან ელოდება "ფეიკს", რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები რუსეთის მოქალაქეები არიან


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა კიევში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა კიევში

უკრაინა რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს ახალი პროვოკაციის მზადებაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კონტრდაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური გეგმავს დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს, უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეებს, თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს და მათი ოჯახების წევრებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის უშიშროება აპირებს უკრაინულ საინფორმაციო სივრცეში უახლოეს ხანში დაიწყოს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია და "ფეიკებს" სიმართლის სახე შესძინოს რუსეთის სახელმწიფო რეესტრში ყალბი მონაცემების შეტანით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მედიასაშუალებებს მოუწოდებს, კრიტიკულად მიუდგნენ მსგავს „სენსაციურ“ ცნობებს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო, რუსეთი ნებისმიერი მეთოდით ცდილობს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი მებრძოლების ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობის შერყევას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

კიევის ბრალდებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG