Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევთ” - როგორ მიდის უკრაინის კონტრშეტევა?


უკრაინელი ჯარისკაცი განადგურებული რუსული ჯავშანმანქანის, BMP-2-ის ფონზე. დონეცკის რეგიონი, გათავისუფლებული სოფლის, სტოროჟევეს მიდამოები. 2023 წლის 14 ივნისი
უკრაინელი ჯარისკაცი განადგურებული რუსული ჯავშანმანქანის, BMP-2-ის ფონზე. დონეცკის რეგიონი, გათავისუფლებული სოფლის, სტოროჟევეს მიდამოები. 2023 წლის 14 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე მიმართულებით უტევენ. ისინი ნელა მიიწევენ წინ რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე. წინსვლას ორივე მხრიდან დიდი დანაკარგები ახლავს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ კონტრშეტევა ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

ბოლო დღეებია, უკრაინა რუსების დაცვის გარღვევას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რამდენიმე მიმართულებით ცდილობს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის მტკიცებით, შეიარაღებულმა ძალებმა სულ 6.5 კილომეტრით წაიწიეს წინ. კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული კილომეტრია. რუსეთი ჯერაც აკონტროლებს 103 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას. ამასთანავე, უკრაინის მტკიცებით, მათ შვიდი დასახლებული პუნქტის განთავისუფლება შეძლეს.

აქედან რამდენიმე დასახლებული პუნქტი ჟურნალისტებმა უკვე მოინახულეს, თუმცა უკრაინის დანარჩენი წარმატების დამოუკიდებლად დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია. კრემლი მის შესახებ დუმს.

უცნობი დანაკარგები

სამაგიეროდ, მოსკოვი ბევრს ლაპარაკობს უკრაინის დანაკარგებზე. 13 ივნისს, ჟურნალისტებსა და სამხედრო ბლოგერებთან შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინამ უკვე დაკარგა 160 ტანკი და 360 ჯავშანმანქანა. პუტინის მტკიცებით, ეს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკის დაახლოებით მესამედია. რუსეთმა კი 54 ტანკი დაკარგა, - თქვა პუტინმა.

უკრაინა დანაკარგებს, ტრადიციულად, არ ამხელს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინა კარგავს როგორც ჯარისკაცებს, ისე სამხედრო ტექნიკას, თუმცა ვერ აზუსტებენ რიცხვებს. ნიდერლანდში მდებარე დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, Oryx-ის გამოთვლებით, უკრაინამ ამ დროისთვის, სულ ცოტა, 17 ჯავშანმანქანა დაკარგა.

კონტრშეტევის სირთულეები

სამხედრო ანალიტიკოსები თანხმდებიან - იმისდა მიუხედავად, რომ უკრაინამ უკვე მიიღო დასავლეთისგან დაპირებული ტექნიკის დიდი ნაწილი, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მაინც რთული ამოცანაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთს საკმარისი დრო ჰქონდა თადაცვის ორი ხაზის გასამაგრებლად.

”უკრაინაში რუსული საფორტიფიკაციო ნაგებობები ყველაზე საფუძვლიანი თავდაცვითი სამუშაოებია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკულმა ორგანიზაციამ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 9 ივნისს გამოაქვეყნა.

წერილში, სამი სამხედრო ექსპერტი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა, კონტრშეტევის შესანელებლად, მოამზადეს “თხრილები, ნაღმები და დრაკონის კბილები” - პირამიდის ფორმის დანაღმული ანტისატანკო წინაღობები. “დრაკონის კბილების” მიზანია, შეუცვალოს მოწინააღმდეგის ტანკებს მარშრუტი, რათა შემდეგ ისინი მარტივი სამიზნე გახდნენ.

BBC-ს რუსული სამსახური კი წერს, რომ “მთავარი არა ფორტიფიკაციები, არამედ პოზიციებზე განთავსებული ჯარი, მომზადებული რეზერვები, საარტილერიო მხარდაჭერა, ავიაცია, ჭურვებისა და საწვავის მარაგია”.

“გეგმის მიხედვით”

ისევე, როგორც დანაკარგების შემთხვევაში, უკრაინა არ ამხელს კონტრშეტევის დეტალებს და არც მის სტრატეგიულ მიზნებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლირება რუსეთისგან. ამისთვის სამიზნეში უნდა ამოიღონ 18-კილომეტრიანი ხიდი, რომელიც რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსიდან 4 წლის თავზე, 2018 წელს საზეიმოდ გახსნა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გამოცემა Economist-ს უთხრა, რომ კონტრშეტევა ჯერჯერობით წარმატებულია და “ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”. თუმცა სულ მალე “მათ [უკრაინელებს] ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევთ”.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კი ამბობს, რომ კონტრშეტევას დიდი მნიშვნელობა ექნება ომის დასრულებისთვის. “რაც უფრო მეტ ტერიტორიას გაათავისუფლებს უკრაინა, მით დიდი უპირატესობა ექნება მოლაპარაკებების მაგიდასთან”, - თქვა მან.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG