Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად 7-დან 2 პირობა შეასრულა


საილუსტრაციო ფოტო. ევროკავშირის და უკრაინის დროშები ევროპარლამენტის შენობასთან სტრასბურგში
საილუსტრაციო ფოტო. ევროკავშირის და უკრაინის დროშები ევროპარლამენტის შენობასთან სტრასბურგში

უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება. სააგენტოს წყაროა ევროკავშირის სამი ინფორმირებული წარმომადგენელი.

ორი მათგანის თანახმად, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, შუალედური ანგარიში ზომიერად პოზიტიურია. სააგენტოს მესამე რესპონდენტის თქმით, უკრაინის სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესია, თუმცა, ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები.

როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას სიმბოლური ჟესტი გაუკეთა და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა. მათ შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

  • რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.
  • 2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
  • საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ამ კვირაში, ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის საქმეთა მინისტრები.

XS
SM
MD
LG