Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრეზიდენტი ღრმად შეცდა. არავინ აპირებს ჩაბარებას“, - პრიგოჟინი პუტინს პასუხობს 


ევგენი პრიგოჟინი, ვაგნერის ხელმძღვანელი.
ევგენი პრიგოჟინი, ვაგნერის ხელმძღვანელი.

„პრეზიდენტი ღრმად შეცდა“, ასე პასუხობს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვას.

„ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით, ვაგნერის ყველა მებრძოლი. და არავინ აპირებს თავის ჩაბარებას პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ცხოვრება კორუფციაში, ტყუილსა და ბიუროკრატიაში“, - ამბობს პრიგოჟინი და ამატებს: „აფრიკაში როცა ვიბრძოდით, გვეუბნებოდნენ, რომ გვჭირდებოდა აფრიკა, მაგრამ მიატოვეს მას შემდეგ, რაც მოიპარეს ფული, რომელიც დახმარებაზე უნდა წასულიყო“.

მისივე თქმით, უკრაინასთან ბრძოლაშიც გაირკვა, რომ „საბრძოლო მასალას, შეიარაღებას, თანხას, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი, ასევე იპარავენ“.

„ჩინოვნიკები კი სხედან და ინახავენ მას [ფულს] თავიანთთვის, იმ შემთხვევისთვის, რომელიც დღეს დადგა - როცა ვიღაც მოსკოვისკენ მიდის“.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG