Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 6 რაიონში წინ წაიწიეს 1-2 კილომეტრით


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი და სამხედროები ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი და სამხედროები ბახმუტის მახლობლად

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს რამდენიმე მიმართულებით. მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული კვირის ბოლოდან უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევები დაიწყეს აღმოსავლეთში, ბახმუტის, ბოგდანოვკის, ორეხოვო-ვასილევკის და კიდევ სამ რაიონში და თითოეული მიმართულებით წინ წაიწიეს 1-2 კილომეტრით.

მალიარის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით იყო 250-მდე საბრძოლო შეტაკება და მოწინააღმდეგე ცდილობდა უკრაინის ჯარების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ძალას იკრებს და მათ პროგრესი აქვთ როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.

რაც შეეხება სამხრეთს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა. მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თანახმად, შეტევის დაწყების შემდეგ, ქვეყნის სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ტერიტორია.

ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებულია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამჟამინდელ, ცალკეულ კონტრშეტევებს მოსამზადებელ ოპერაციას უწოდებს. ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კონტრშეტევა წარმატებული იქნება, როცა ის მთელი ძალით დაიწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისინი უფრთხილდებიან მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომლის მიდგომაც ხორცსაკეპ მანქანას შეადარა. ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, 2023 წელი გადამწყვეტი იქნება.

XS
SM
MD
LG