15 ივლისს რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა კოლონა რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეომრებით, იტყობინება ბელარუსის სამხედრო მეთვალყურეობის დამოუკიდებელი პროექტი „ბელარუსკი ჰაიუნი“.
კოლონაში შედიოდა 60-მდე ავტომანქანა, "პიკაპები", დიდი სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და, სულ მცირე, სამი დიდი ავტობუსი. მათ აცილებდა ბელარუსის ავტოინსპექცია, ნათქვამია „ბელარუსკი ჰაიუნის“ მიერ გავრცელებულ ტვიტში.
ავტოკოლონა მიემართებოდა დასახლებული პუნქტის, ცელის მიმართულებით. ამ არეალში, რომელიც მინსკიდან 90 კილომეტრშია, ახლახან ბელარუსის ხელისუფლებამ მოაწყო კარვების ბანაკი, სადაც შეიძლება დაეტიოს 15 ათასი ადამიანი.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმაც დაადასტურა, რომ ბელარუსში გამოჩნდნენ "ვაგნერის" ძალები და განაცხადა, რომ სამართალდამცავები გულმოდგინედ დააკვირდებიან მათ ნაბიჯებს ბელარუსის ტერიტორიაზე.
ვიდეოჩანაწერები კოლონის მოძრაობის შესახებ გავრცელდა ერთ დღეში მას მერე, რაც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ტელეარხით გადასცა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორც წვრთნიან "ვაგნერის“ ინსტრუქტორები ბელარუსის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ცელში.
„ვაგნერის“ ბედი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც 23-24 ივნისს მისმა დამაარსებელმა და მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა ამბოხება სცადა, თავისი ძალები მოსკოვისკენ დაძრა, ხოლო მანამდე დონის როსტოვი დაიკავა, რამაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავისი 23-წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდესი საფრთხე შეუქმნა.
ბელარუსის მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მაშინ განაცხადა, რომ მისი დახმარებით ამბოხება თავიდან იქნა აცილებული და მოელაპარაკა პრიგოჟინსა და პუტინს, განათავსონ „ვაგნერის" რაზმები ბელარუსში.
ვაგნერელებმა საკვანძო როლი ითამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ბახმუტის აღებაში, 10-თვიანი მძაფრი ბრძოლების შემდეგ. დაქირავებულმა დაჯგუფებამ, პრიგოჟინის თანახმად, 20 ათასი მეომარი დაკარგა.