მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნა სასწრაფო მიმართვა, რომელშიც ითხოვა დაუყოვნებელი მოქმედება აზერბაიჯანის მიერ დაწესებული დე ფაქტო ბლოკადის მოსახსნელად და, მისი თქმით, "მთიანი ყარაბაღის ხალხის გენოციდის" აღსაკვეთად.
სომხეთი და ანკლავის სეპარატისტული ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი დეკემბრის შემდეგ ამუშავებს ბლოკადას მთიან ყარაბაღზე, რაც იწვევს საკვების, წამლებისა და ენერგიის დეფიციტს. ერევანი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფები გამოდიან გაფრთხილებით, რომ აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონში ვითარდება ჰუმანიტარული კრიზისი, რადგან იქ შესვლის საშუალება არ აქვთ საკვებით და წამლებით დატვირთულ მანქანებს.
"ამ სასწრაფო მიმართვით ვამბობ, რომ ახლა არცახის (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელი) მოსახლეობას უქვემდებარებენ გენოციდს და მათი სამშობლოს ნგრევის და გაღატაკების რეალურ საფრთხეს", - ამბობს არუთუნიანი ვიდეომიმართვაში, რომელიც 8 აგვისტოს, გვიან გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა მთიანი ყარაბაღის 240-დღიანმა ბლოკადამ.
დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც აზერბაიჯანმა გასულ თვეში სრულად შეაჩერა მოძრაობა გამშვებ პუნქტზე და ელოდება გამოძიებას, მისი თქმით, "სხვადასხვა სახის კონტრაბანდაზე", რომელიც აღმოჩენილ იქნა სომხეთიდან მომავალ "წითელი ჯვრის" მანქანებში.