Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ყირიმს 42 დრონით შეუტია


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის ადგილი ანექსირებულ სევასტოპოლში. 2023 წლის აპრილი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის ადგილი ანექსირებულ სევასტოპოლში. 2023 წლის აპრილი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე დღეს, 25 აგვისტოს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით „კიევის რეჟიმმა“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა „ტერორისტული შეტევების განხორციელება“.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებებით აღმოაჩინეს 42 აპარატი, რომელთაგან 9 გაანადგურეს, 33 კი ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და მათ სამიზნემდე ვერ მიაღწიეს. ყირიმის რომელ რაიონებზე იყო შეტევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებები იყო ტარხანკუტის კონცხის რაიონში.

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, რამდენიმე დრონი ზღვის თავზე გაანადგურეს ხერსონესის კონცხის რაიონშიც. რაზვოჟაევის თანახმად, „ყველა ძალა და სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაშია".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმსა და სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

24 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარა. უკრაინული დაზვერვის თანახმად, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები ზღვიდან ნაპირზე გადასხდნენ დასახლებული პუნქტების, ელენოვკისა და მაიაკის რაიონებში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებების შედეგად გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა და სპეცოპერაციის რაიონში უკრაინის დროშა აღმართეს.

სამხედრო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მაიაკის რაიონში განადგურებულია სულ მცირე 30 რუსი სამხედრო და დაზიანებულია 4 სწრაფმავალი კატერი. სოფელ მაიაკში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა. რუსეთს მაიაკთან ბრძოლის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.

XS
SM
MD
LG