ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას გეგმავს. ეს ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა The New York Times-მა.
გამოცემის წყაროთა თანახმად, კიმ ჩენ ინის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც ჩრდილოეთ კორეის მეთაური დაჯავშნილი მატარებლით ჩავა. შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი". ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.
ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში სავარაუდო ვიზიტის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელეს სხვა ამერიკულმა მედიასაშუალებებმაც.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის შეძენის საკითხზე და თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოელის ამ დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის რუსეთში, ლიდერების დონეზე. უოტსონს არ დაუკონკრეტებია, სად და როდის შეიძლება შედგეს პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.