Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაზოგავდა თბილისის დასუფთავების კომპანია 2 მილიონზე მეტს და არ დაზოგა - რას წერს აუდიტი


"თბილსერვისის" თანამშრომლები ასუფთავებენ დედაქალაქის ერთ-ერთ დანაგვიანებულ სივრცეს
"თბილსერვისის" თანამშრომლები ასუფთავებენ დედაქალაქის ერთ-ერთ დანაგვიანებულ სივრცეს

აუდიტის სამსახურმა დასუფთავების კომპანიის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ მას 2 წლის მანძილზე 2 მილიონ ლარზე მეტი აქვს არაეკონომიურად დახარჯული. 39-გვერდიანი დოკუმენტი აღწერს კომპანიის მენეჯმენტის არასწორ გადაწყვეტილებებს, რის გამოც 2020-21 წლებში "თბილსერვისმა" ბიუჯეტი ხარვეზებით დახარჯა.  

ქვითრების დარიგება

წლებია დასუფთავების კომპანია ასობით ათას ლარს უხდის „თელასს” იმაში, რომ გადასახადების მოკრებაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადებული შეთანხმების შესაბამისად, „თელასი” მოსახლეობისთვის ქვითრების დაბეჭდვისა და დარიგებისთვის ასობით ათას ლარს იღებს მაშინ, როცა ტექნოლოგიური განვითარების გამო ბოლო წლებია აბონენტების უმრავლესობა ინფორმაციას მხოლოდ SMS შეტყობინებით იღებს.

მხოლოდ 2020 და 2021 წლებში ქვითრის დამზადებასა და დარიგებაში დასუფთავების კომპანიამ „თელასს“ თითქმის მილიონი ლარი გადაუხადა.

აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ „2020 წელს სს თელასის აბონენტების 88%-ს, ხოლო 2021 წელს აბონენტების 92%-ს ინფორმაცია გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ ეგზავნებოდა სატელეფონო შეტყობინებით და სხვა ელექტრონული აპლიკაციების მეშვეობით“.

„ჩვენი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გადახედვა არ მოხდა. რადგან რეკომენდაციაში მოხვდა, ჩვენ ამაზე რეაგირება გვექნება. მოხდება ახალი გადათვლა“, - პასუხობს „თბილსერვისის“ დირექტორი, დავით ფაჩულია.

მანქანების სათადარიგო ნაწილები

კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების შესაძენად 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში „თბილსერვისმა” „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ იმის გამო დაიწუნა, რომ პრეტენდენტს ნაწილების მწარმოებელი „კომპანიების იურიდიული დასახელება სრულად არ ჰქონდა მითითებული“. იმის მიუხედავად, რომ კონკურენტ შპს „ჯი-თი გრუპსაც“ მსგავსი პრობლემა ჰქონდა და შეკვეთაში თითქმის ნახევარი მილიონით მეტს ითხოვდა, გამარჯვებულად მაინც ის გამოცხადდა. შედეგად, „თბილსერვისჯგუფმა“ 487,5 ათასი ლარით უფრო ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმა, ვიდრე შეეძლო.

„ერთსა და იმავე პირობებში, შემსყიდველმა ერთ პრეტენდენტს მიანიჭა დისკვალიფიკაცია, ხოლო მეორე − გამარჯვებულად გამოავლინა, რაც შესყიდვის მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მიუთითებს მიმწოდებლების მიმართ არაობიექტურ და არაერთგვაროვან მიდგომაზე”, - წერენ აუდიტორები.

წაგებული სასამართლო დავები

2020 წელს „თბილსერვისმა“ ცალმხრივად შეწყვიტა გზის სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნების დასახაზად საჭირო საღებავებისთვის დადებული ხელშეკრულება. თბილისის მერიის შვილობილმა კომპანიამ ჩათვალა, რომ ნაყიდი საღებავიდან ნაწილი ის არ იყო, რაც შეუკვეთა და უარი თქვა „920,9 ათასი ლარის საღებავის მიღებაზე იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი და მიწოდებული პროდუქცია იდენტური არ იყო“.

შპს „თემური 1907“-მა სასამართლოში იჩივლა, დავა მოიგო და „თბილსერვისს“ მისთვის 309,9 ლარის გადახდა დაეკისრა.

გარე განათების ბოძები

თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ - შპს „თბილსერვისმა“ 200 გარე განათების ბოძისა და LED სანათის ნაცვლად 185 კომპლექტი იყიდა, მაგრამ თითქმის იგივე ფული დახარჯა - 1 439 600 ლარის ნაცვლად 1 436 800 ლარი. ამას აუდიტის სამსახური არასათანადოდ წარმართულ შესყიდვის პროცედურას უკავშირებს.

ერთი განათების ბოძი და LED სანათი ჯდებოდა:

  • სატენდერო დოკუმენტით - 7200 ლარი;
  • ტენდერში შეთავაზებული დაბალი ფასით - 6700 ლარი;
  • მერიის კომპანიამ იყიდა - 7700 ლარად.

აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ პირველი ტენდერი ჩაიშალა, მერიამ იმავე პარამეტრების ბოძების შესაძენად ტენდერი კიდევ ორჯერ გამოაცხადა. საბოლოო ჯამში, მერიამ 15-ით ნაკლები გარე განათების ბოძისა და LED სანათის შეძენაზე დახარჯა 185 000 ლარით მეტი, ვიდრე ტენდერში (იმავე კომპანიის) შეთავაზებული ფასი იყო.

„გავიდა დრო, იყო ვადიანი დავალება. კოვიდის დროს პრეზიდენტის განკარგულებაც არსებობს, როცა შეწყდა ყველაფერი და ამის გამო. ჭავჭავაძის რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა“, - ასე ხსნის კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ გარემოებას.

განათებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ტენდერზე ამახვილებს ყურადღებას აუდიტის სამსახური: 2021 წლის 12 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე 10-ვე პრეტენდენტს სხვადასხვა მიზეზით მიანიჭეს დისკვალიფიკაცია. მათ შორის, შპს VIZULO Solutions-ს, რომელიც ყველაზე დაბალი ფასების შემთავაზებელი კომპანიების სამეულში მოხვდა.

კომპანიას ფასები მიწოდებული ჰქონდა ევროში და ამ მიზეზით, კანონის შესაბამისად, გამოეთიშა კონკურსს. საბოლოოდ, „თბილსერვისმა“, უტენდეროდ, ხელშეკრულება მაინც შპს VIZULO Solutions-თან გააფორმა და, ჯამში, 115,2 ათასი ლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე იგივე კომპანია მას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში გადაახდევინებდა.

დაკისრებული ჯარიმები

იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისი“ სახელმწიფოს დაფუძნებული კომპანიაა, ისიც იხდის დღგ-ს, ყოველწლიურად კი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება აქვს. 2021 წელს თბილისის მერიის შვილობილი კომპანია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის გამო 133,5 ათასი ლარით დააჯარიმა.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა „თბილსერვისჯგუფი“ 27,4 ათასი ლარით დააჯარიმა სახელმწიფო უწყებამ (თბილისის მერიამ) - გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის მომსახურების დაგვიანებით ჩაბარებისთვის, და დამატებით 3 ათასი ლარით იმის გამო, რომ „თელასს” გაწეული მომსახურების საფასური დაგვიანებით აუნაზღაურა.

უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის გადახდილი თანხა

„თბილსერვისმა“ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა სამი თანამშრომელი იმ მიზეზით, რომ ისინი 2015 წელს იყვნენ ხელფასის საკითხზე აქციის ორგანიზატორები. 2016 წელს კი კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს „რეორგანიზაციისა“ და „შტატების შემცირების“ საბაბით.

ოთხივე მათგანმა თბილისის მერიის შვილობილი კომპანიის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„არასათანადო მმართველობითი გადაწყვეტილებების შედეგად თბილსერვისმა 201,9 ათასი ლარი საწარმოს საზიანოდ დახარჯა“, - წერია დასკვნაში.

მანქანების ყიდვა

დასუფთავების კომპანიის თანამშრომლები 2020 წელს კომპანიის კუთვნილი 117 და კერძო 716 მსუბუქი მანქანით სარგებლობდნენ - ჯამში, 800-ზე მეტი მანქანით. ამის მიუხედავად, თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ 2021 წელს დამატებით კიდევ 36 მანქანა შეიძინა, რაშიც 1,7 მილიონი ლარი დახარჯა. თანხის თითქმის მესამედით დასუფთავების კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ახალი მანქანები უყიდეს.

აუდიტორები აღნიშნავენ, რომ ამ 36 მანქანიდან 4 „პიკაპისა“ და 7 „ჰეჩბეკის“ ტიპის მანქანა დასუფთავების სამსახურმა 83 ათასი ლარით ძვირად იყიდა, ვიდრე შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერით.

ნაგვის ბუნკერები

2020 წელს 50 ცალი მიწისქვეშა ურნის შესაძენად „თბილსერვისმა“ 1 585 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 50 ურნის შესაძენად „თბილსერვისმა“ კონკურსში მონაწილეებს პირობა დაუყენა, რომ 2500 მსგავსი ურნა ჰქონოდათ მიწოდებული საქართველოსთვის ან/და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

სწორედ ამიტომ ტენდეტში დისკვალიფიკაცია მიანიჭეს კომპანია „გორგიას“, რადგან მას ურნები თურქეთისთვის ჰქონდა ნაყიდი, კონკურსში კი „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა, რომელსაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარით მეტი გადაუხადეს, ვიდრე შეეძლოთ.

„თბილსერვისის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა გაუმართლებლად ჩათვალა აუდიტმა და ანგარიშში დაწერა, რომ გაურკვეველი დარჩა, რა აუცილებელი იყო, თბილისისთვის 50 ბუნკერის მიწოდების უფლების მოსაპოვებლად კომპანიას 50-ჯერ მეტი ნაგვის ყუთი ჰქონოდა მიწოდებული მხოლოდ საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

საგზაო მონიშვნები

თბილისის მერიის დაკვეთით მისივე შვილობილი კომპანია დედაქალაქში აკეთებს საგზაო მონიშვნებს სპეციალური საღებავებით. 2020 წელს „თბილსერვისმა“ ამ საღებავის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა შპს „ჯპს-სისტემსს“, რადგან დოკუმენტები არ იყო დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით/შტამპით. მას არ მისცეს დოკუმენტების დაზუსტების შესაძლებლობა.

ამის გამო ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „გზაჯვარედინი“, რომელსაც კონკურენტთან შედარებით 39,7 ათასი ლარით მაღალი ფასი ჰქონდა.

აუდიტმა ეს ხარვეზად ჩათვალა და დაწერა, რომ „თბილსერვისმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“.

2020 და 2021 წლებში კომპანია „თბილსერვისჯგუფს” რომეო მიქაუტაძე მართავდა, 2020 წლის 1 მაისიდან მისი მოადგილე იყო დავით ფაჩულია. ფაჩულიამ დირექტორის თანამდებობაზე მიქაუტაძე 2021 წლის ბოლოს შეცვალა.

დავით ფაჩულია აუდიტის დასკვნებს არ ეთანხმება, თუმცა შენიშვნებს გაითვალისწინებენ: „გამოსწორება დაწყებული გვაქვს. რამდენიმე პუნქტი უკვე გამოსწორებული გვაქვს…” - ამბობს მოქმედი დირექტორი.

XS
SM
MD
LG