Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს ჭურვებს გაღარიბებული ურანით


ამერიკელი ჯარისკაცი ახარისხებს გაღარიბებული ურანის შემცველ ამუნიციას. თიქრითი, ერაყი. 11 თებერვალი, 2004.
ამერიკელი ჯარისკაცი ახარისხებს გაღარიბებული ურანის შემცველ ამუნიციას. თიქრითი, ერაყი. 11 თებერვალი, 2004.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. მასში პირველად შევა Abrams-ის ტანკების ჭურვები გაღარიბებული ურანით. გარდა ამისა, პენტაგონი უკრაინას მიაწვდის ამუნიციას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-ისთვის, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ებს, ტაქტიკური სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებს და სხვა აღჭურვილობასა და ამუნიციას. პაკეტის ჯამური ღირებულება 175 მილიონი დოლარია.

გაღარიბებული ურანი გამოიყენება ჭურვების ჯავშანგამტანობის გასაზრდელად, ასევე სატანკო ჯავშნის გასაძლიერებლად. მას აქვს დაბალი რადიაქტიურობა და არ არის კლასიფიცირებული როგორც ბირთვული იარაღი. მიუხედავად ამისა, უკრაინისთვის ასეთი საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმებს კრემლის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მოსკოვმა ბელარუსში ბირთვული იარაღი განათავსა იმ მოტივით, რომ დიდი ბრიტანეთი ასეთი იარაღის მიწოდებას აპირებდა უკრაინისთვის.

ასევე 6 სექტემბერს აშშ-ის სენატის ორივე ძირითადი პარტიის, რესპუბლიკურისა და დემოკრატიულის, ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარების გაგრძელებას.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინაში ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, უფრო მეტადაც, ვიდრე ადრე, მაშინ, როცა პუტინის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა სრული ძალით მიმდინარეობს,“ განაცხადა სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა. რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი გამოვიდა მოწოდებით, „გაგრძელდეს ინვესტიციები ამერიკის სამხედრო-სამრეწველო ბაზაში, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს დღევანდელ ბრძოლაში და ჩვენს ძალებს დავეხმაროთ ხვალინდელი საფრთხეების შეკავებაში“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აგვისტოში სთხოვა კონგრესს, დაამტკიცოს 40 მილიარდი დოლარის დამატებითი ხარჯები წლის ბოლომდე, მათ შორის 24 მილიარდი დოლარი უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებისთვის. გადაწყვეტილება 1 ოქტომბრამდე უნდა იქნეს მიღებული.

XS
SM
MD
LG