Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკში შეხვდა 2019 წლის აპრილშიც
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკში შეხვდა 2019 წლის აპრილშიც

ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი სპეციალური მატარებლით ფხენიანიდან რუსეთში გაემგზავრა. ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს, იუწყება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი" წერს, რომ კიმ ჩენ ინის მატარებელი რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა დღეს, მოსკოვის დროით დილის 5 საათისთვის.

ფხენიანის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი რუსეთში ჯერ კიდევ 10 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, გაემგზავრა „პარტიის, მთავრობის და ძალოვანი უწყებების მთავარი კადრების თანხლებით“. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, კიმ ჩენ ინი ფხენიანიდან „გულმხურვალედ გააცილეს პარტიის, მთავრობის და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელმა კადრებმა და მასებმა“.

ჩრდილოეთ კორეის მეთაური რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. პუტინი ამჟამად იმყოფება ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი“ მიმდინარეობს. ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკში შეხვდა 2019 წლის აპრილშიც.

კრემლმა ოფიციალურად მხოლოდ 11 სექტემბერს დაადასტურა მანამდე დასავლური და რუსული მედიით გავრცელებული ცნობები კიმ ჩენ ინის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

XS
SM
MD
LG