ამერიკული მედიასაშუალებების შემდეგ, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიაც წერს, რომ რუსეთში ელოდებიან ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ დღეს, 11 სექტემბერს, „სამთავრობო წყაროებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინს „უახლოეს დღეებში ელოდებიან შორეულ აღმოსავლეთში“ და ამ ვიზიტისთვის „დიდი ხანია ემზადებიან".
გასულ კვირაში ამერიკულმა The New York Times-მა და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ცნობა, რომ 10-13 სექტემბრის პერიოდში რუსეთში გაიმართება პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. მოლაპარაკების ადგილად დასახელებული იყო რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქი ვლადივოსტოკი. პუტინი კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკში შეხვდა 2019 წლის აპრილშიც.
7 სექტემბერს, როცა კრემლის პრესმდივან პესკოვს ჰკითხეს, მართლაც მოსალოდნელია თუ არა კიმ ჩენ ინის ვიზიტი, როგორც ამას ამერიკული მედია წერს, პესკოვმა უპასუხა, რომ „ამ თემაზე სათქმელი არაფერი აქვთ".
2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
დღეს, 11 სექტემბერს სააგენტო Bloomberg-იც წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ამ კვირაში ჩავა და პრეზიდენტ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლის უმთავრესი თემა იქნება მოსკოვისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება.