Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვა უკრაინული რაკეტის შეცდომით გაშვებას მოჰყვა - NYT


დონეცკის რეგიონ ქალაქ კონსტანტინოვკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული ავტომობილები და შენობა. 6 სექტემბერი, 2023 წელი
დონეცკის რეგიონ ქალაქ კონსტანტინოვკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული ავტომობილები და შენობა. 6 სექტემბერი, 2023 წელი

6 სექტემბერს დონეცკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მომხდარი თავდასხმა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკიდან“ უკრაინული რაკეტის არასწორი გაშვების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ New York Times-ი წერს, რომელიც ეყრდნობა რაკეტის ფრაგმენტების ანალიზს, სატელიტურ სურათებს, თვითმხილველთა განცხადებებს და სოციალური ქსელების პოსტებს.

დონეცკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკის ბაზარი ექვს სექტემბერს დაიბომბა. რაკეტის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ტრაგედიიდან ორი საათის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარში პირდაპირ რუსეთი დაადანაშაულა.

NYT მივიდა დასკვნამდე, რომ რაკეტის გაშვების დროს შეცდომა, სავარაუდოდ, კონსტანტინოვკის გარეუბანში განვითარებული ბრძოლის ფონზე მოხდა. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინელმა სამხედროებმა ორი „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა გაუშვეს რუსეთის ფრონტის ხაზის მიმართულებით დრუჟოვკიდან, რომელიც კონსტანტინოვკიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარეობს. აფეთქებების ხმა გაიგეს The Times-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც დრუჟკოვკაში იმყოფებოდნენ. 14:00 საათზე პირველი რაკეტის სტარტის ხმა გაისმა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი - მეორის. პირველი რაკეტის გაშვების ხმა, ერთ-ერთმა რეპორტიორმა, ხმოვან შეტყობინებაში შემთხვევით ჩაწერა.

დრუჟკოვკიდან რაკეტების რუსეთის ფრონტის ხაზის მიმართულებით გაშვების შესახებ NYT-ს ასევე რამდენიმე თვითმხილველმაც უამბო. ერთ-ერთი მათგანი ირწმუნებოდა, რომ რაკეტები გაუშვეს ქალაქის გარეუბნიდან, სადაც განთავსებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა. NYT-ის ჟურნალისტებმა იქ აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების ცოტა ხნის წინანდელი ყოფნის კვალი: სანგრები, ნაგვის ორმოები და მუხლუხების კვალი.

ინციდენტიდან მეორე დღეს, „ბილდის“ მიმომხილველმა იულიან რეპკემ რაკეტის დარტყმის ამსახველი ვიდეოს შესწავლის შემდეგ ივარაუდა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოფრინდა. ამავე დასკვნამდე მივიდა Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი, სამხედრო ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი. მისი ვარაუდით, რაკეტა უკრაინულმა თვითმფრინავმა გაისროლა, რასაც ლევიევმა "ტრაგიკული შემთხვევითობა" უწოდა.

რუსეთს ამ დასკვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაბომბვიდან მალევე თქვა, რომ კიევი არ გამოიძიებს კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვას, რადგან უკრაინისთვის "ყველაფერი აშკარაა", რომ ეს არის "რუსეთის ფედერაციის მორიგი სარაკეტო დარტყმა".

"შეკითხვებს აჩენს ის, რასაც აკეთებს [რუსლან] ლევიევი, რასაც Bild-ი აკეთებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა, რომელმაც დასძინა, რომ რაკეტა იყო რუსული და რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან გაისროლეს.

XS
SM
MD
LG